Baby Bag

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, როგორ უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის დროს

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, როგორ უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის დროს

​საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ. დადგენილება N205 საკანონმდებლო მაცნეში, დღეს 31 მარტს გამოქვეყნდა და მას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.

„საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ (შემდგომში – „ტელესკოლა“), დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

2. თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან.
5. სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი.
6. სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი.
7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს,“ - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
იხილეთ მთავრობის ​​დადგენილება სრულად 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მასწავლებლებს ტრენინგებში მონაწილეობას აიძულებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, რაც პედაგოგებს სკოლებში მისვლას აიძულებს“

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მასწავლებლებს ტრენინგებში მონაწილეობას აიძულებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, რაც პედაგოგებს სკოლებში მისვლას აიძულებს“

სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ტარდება სავალდებულო ტრენინგები დისტანციურ სწავლებაზე და მასწავლებლებს აიძულებენ მასში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, რაც აიძულებს პედაგოგებს სკოლებში მისვლას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა წერს.

„​ვინაიდან „ახალის სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებაა სწავლა-სწავლების პროცესში, ცხადია, ამ პროექტის მონაწილე მასწავლებლები ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდნენ შექმნილ ვითარებაში. გარდა ამისა, ჩვენი ქოუჩების, განსაკუთრებით კი ტექნოლოგოების ქოუჩების, სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მოხალისეობრივად ეხმარებიან ასობით სხვა მასწავლებელსაც სამინისტროს მიერ შეთავაზებული Microsoft Office 365-ის ინსტრუმენტების გამოყენებაში.

სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ტარდება სავალდებულო ტრენინგები დისტანციურ სწავლებაზე და მასწავლებლებს აიძულებენ მასში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, რაც აიძულებს პედაგოგებს სკოლებში მისვლას:

1. არანაირი ტრენინგი არ მიმდინარეობს დისტანციურ სწავლებაზე (გარდა იმ შეთავაზებული სერვისისა, რაც ზემოთ აღვნიშნე);

2. დაგეგმილი იყო ონლაინ ტრენინგი ინგლისურში, რომელიც არ იყო სავალდებულო. მეტსაც გეტყვით, ეს ტრენინგი მაშინ უნდა ჩატარებულიყო, როცა არც სიტუაცია იყო გამწვავებული და მით უფრო - არც საგანგებო გამოცხადებული. და მაშინაც კი არასავალდებულო იყო. ხაზგასმით ვამბობ - არასავალდებულო. მით უფრო, ახლა არავინ სთხოვს პედაგოგებს მასში მონაწილეობას. ვინაიდან იყო სურვილი, რომ ტრენინგი მაინც ჩატარებულიყო, ცხადია, ასეთ სურვილზე ჩვენ უარს არავის ვეტყოდით.

ამდენად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თუ რაიმე ამ ეტაპზე ხორციელდება, ეს ყველაფერი მხოლოდ მოხალისეობრივად და მათთვის, ვინც დახმარების საჭიროებას გამოთქვამს.

თუ რაიმე დაიგეგმება, ცხადია, არსებული მდგომარეობისა და ჩართული სკოლების პედაგოგების შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება. ჩვეულ რეჟიმში არ იყო ეს პროექტი სავალდებულო სკოლებისთვის და მით უფრო ახლა. პროექტის ფილოსოფია მასწავლებლების მოტივაციაზე დგას და არა იძულებაზე.

ახლა, როცა ისედაც დაძაბული სიტუაციაა, ყველას გთხოვთ, რომ ინფორმაცია გადაამოწმოთ, სანამ რაიმეს გაავრცელებთ.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმხნევეს და ულევ მოტივაციას,“ - წერს მარიამ ჩიქობავა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 
წაიკითხეთ სრულად