Baby Bag

„ახალი სკოლის მოდელის“ მხადამჭერი ჯგუფები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან

„ახალი სკოლის მოდელის“ მხადამჭერი ჯგუფები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდებს აძლიერებს. ამ პროცესში „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერთა ჯგუფების მიერ შეძენილი შინაარსობრივი თუ ტექნიკური კომპეტენციები სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

„ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლები მომზადებული დახვდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის წინაშე დამდგარ გამოწვევებს. მხარდამჭერთა ჯგუფების მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები შეიარაღდნენ Microsoft Office 365-ის პროდუქტების ცოდნით, რაც მათ საშუალებას აძლევს სწავლა-სწავლების პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანონ ციფრული ტექნოლოგიების სივრცეში.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

გარდა ამისა, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლებში მოსწავლეების მთავარ საქმიანობად იქცა ე. წ. „კომპლექსური დავალებების“ შესრულება, რომლებიც მოითხოვს შემოქმედებითი პროდუქტების შექმნას. კომპლექსური დავალებები მიმზიდველია ნებისმიერი მოსწავლისათვის, რადგან მათი შექმნის პროცესში ბავშვები ფიქრობენ საგნობრივ საკითხებზე და ამ გზით იძენენ საგნობრივ ცოდნას. ამგვარი მიდგომა მათ თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.

კომპლექსური დავალებები და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობა შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში ორ მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს: საკლასო ოთახს მიღმა დარჩენილი მოსწავლეები სახლის პირობებში სასიამოვნოდ აგრძელებენ ცოდნა-გამოცდილების გამდიდრებას; დისტანციური გაკვეთილების დროს საკუთარ ნამუშევრებს, ნააზრევსა და ნაფიქრალს უზიარებენ ერთმანეთს და მასწავლებლისგან იღებენ უკუკავშირს.

„ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარდამჭერი ჯგუფის წევრები აპრილიდან აქტიურად იმუშავებენ რეფორმაში მონაწილე საჯარო სკოლებთან როგორც დისტანციური სწავლების პრაქტიკის დახვეწის კუთხით, ასევე გამოცდილების სხვა სკოლებთან/მასწავლებლებთან გაზიარების მიმართულებით. სახელდობრ, კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტები, მათი ასისტენტები, ტექნოლოგიების ექსპერტები და საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტები:

  • დისტანციური სწავლების პროცესში პედაგოგებს ფასილიტაციას გაუწევენ;
  • აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში გააციფრებენ კომპლექსურ დავალებებს და შექმნიან ციფრული დავალებების ბანკს, რაც საჯაროდ გამოქვეყნდება პორტალზე EL.GE. მიღებულ პროდუქტებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებით მოხდება სასკოლო სასწავლო გეგმების თემატური ერთეულების გაუმჯობესება;
  • დისტანციური სწავლების პრაქტიკაზე დაკვირვებით შეიმუშავებენ მეთოდოლოგიურ გზამკვლევებს;
  • დაეხმარებიან პედაგოგებს როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით განმავითარებელი შეფასების ელეტრონულ ფორმატში წარმოებაში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტების გამოყენებით.

შეიძლება დაინტერესდეთ

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე
წაიკითხეთ სრულად