Baby Bag

სასარგებლო რჩევები მასწავლებლებს ვირტუალური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად

სასარგებლო რჩევები მასწავლებლებს ვირტუალური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი კორტნი ჰარინგტონი, რომელიც ონლაინ სწავლების ორი წარმატებული პროგრამის ავტორია, მასწავლებლებს საინტერესო რჩევებს აძლევს. ვირტუალურ რეჟიმში სწავლება ყველა პედაგოგისთვის მარტივი არ არის. მასწავლებლებს ბავშვებისთვის ცოდნის გადაცემა სრულიად ახალ და ბევრი მათგანისთვის უცხო პირობებში უხდება. პედაგოგების დიდ ნაწილს მოსწავლეებთან ვირტუალურ რეჟიმში კომუნიკაცია უჭირს და არ იცის, როგორი მიდგომები ან სტრატეგიები გამოიყენოს, რათა სწავლის პროცესი უფრო ნაყოფიერი და ეფექტური გახადოს.

მასწავლებლებს, რომლებსაც დისტანციურ სწავლებასთან აქამდე შეხება არ ჰქონიათ, პროფესორ კორტნი ჰარინგტონის საინტერესო რჩევებს ვთავაზობთ. კორტნი ჰარინგტონის მიერ შექმნილი ორივე პროგრამა ასინქრონულ ვირტუალურ სწავლებას ეფუძნება. თუ გსურთ, რომ დისტანციური სწავლება ნაყოფიერი და წარმატებული იყოს, მისი რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ.

სწავლების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივეთ

ონლაინ სასწავლო პროგრამები ძალიან მრავალფეროვანია. თუ მათ საფუძვლიანად შეისწავლით, აღმოაჩენთ, რომ სწავლის პროცესის მიმდინარეობისას სხვადასხვა პროგრამული ფუნქციის გამოყენება შეგიძლიათ, თუმცა, პირველ ეტაპზე, მსგავსი მცდელობებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. მოსწავლეები პროგრამაში გარკვევას თავადაც ცდილობენ. მათ ბაზისური ცოდნა უნდა მისცეთ, თუ როგორ უნდა იმუშაონ დისტანციურ რეჟიმში. ნუ ეცდებით ბავშვების დატვირთვას ზედმეტი ტექნიკური საკითხებით. სწავლის ვირტუალურ რეჟიმზე გადასვლა მათთვისაც ისეთივე დამაბნეველია, როგორც თქვენთვის. ამიტომ ეცადეთ, სწავლის პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოთ.

შეცვალეთ პრეზენტაციის მეთოდები

ორშაბათს და ოთხშაბათს დილის 10 საათზე ვიდეო გაკვეთილის ჩატარება, როგორც ამას საკლასო ოთახში აკეთებდით, შესაძლოა, ნაყოფიერი სულაც არ იყოს. ეცადეთ, ბავშვებს მასალაზე წვდომა გაუმარტივოთ. ჩაწერეთ მოკლე ვიდეო ლექციები, მოსწავლეებს აუდიო მასალები მიაწოდეთ, რომელთა გადმოწერას და მოსმენას შეძლებენ, აუტვირთეთ ფოტოები, რომლებიც საკლასო ოთახში დაფაზე დახაზულ ან დახატულ ვიზუალურ მასალას ჩაანაცვლებს. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვებს, თუ რომელ საათზე ან დღის რომელ მონაკვეთში იქნება მათთვის ონლაინ გაკვეთილების ჩატარება კომფორტული და მისაღები. თქვენი სწავლების მეთოდების შეცვლა აუცილებლად მოგიხდებათ. ვირტუალური გაკვეთილები თქვენგან განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს, რაც სწავლების პროცესს უფრო ნაყოფიერს და ეფექტურს ხდის.

გააანალიზეთ, რა მეთოდებით შეაფასებთ მოსწავლეთა ცოდნის დონეს

ონლაინ გამოცდების ჩატარების გარდა, მოსწავლეების ცოდნის დონის შეფასება სხვა გზებითაც შეგიძლიათ. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი დისკუსიების გამართვაა. ბავშვებს კარგად აუხსენით, თუ რა მოლოდინები გაქვთ. მოსწავლეებისადმი პატივისცემა გამოიჩინეთ, თუმცა კითხვების დასმას არ უნდა მოერიდოთ. კრიტიკულობა, შესაძლოა, ძალიან გამოგადგეთ. მოსწავლეების აზროვნების წასახალისებლად, ისინი ახალი გამოწვევების წინაშე ხშირად დააყენეთ. თქვენი მიზნები მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ. აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რას ელით მოსწავლეებთან გამართული დისკუსიის დასასრულს. თუ ბავშვებს ზუსტად ეცოდინებათ, რა გსურთ, დისკუსიები საოცრად კარგ შედეგს გამოიღებს.

გამოიჩინეთ მოქნილობა, როგორც მოსწავლეების, ასევე საკუთარი თავის მიმართ

მოსწავლეები ძალიან დაბნეულები არიან, რადგან განათლების მიღება სრულიად ახალ გარემოში უწევთ. ზოგიერთ მათგანს სახლში ხარისხიანი ინტერნეტი ან კომპიუტერიც კი არ აქვს. შესაძლოა, ყველა მოსწავლემ, რომელიც თქვენს კლასში ირიცხება, სახლიდან ვიდეო გაკვეთილებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლოს. ამ მხრივ გადაჭარბებული მოლოდინები ნუ გექნებათ. თუ მოსწავლეები იგრძნობენ, რომ თქვენ ძალიან გადაღლილი და გადატვირთული ხართ, ისინიც დაიძაბებიან. ეცადეთ, ყველაფერს უფრო მსუბუქად შეხედოთ. ვირტუალურ სწავლებაზე გადასვლა გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს და ეს ნორმალურია. თქვენ ასეთ რეჟიმში გაკვეთილებს პირველად ატარებთ, შესაბამისად შეცდომებისგან დაზღვეული ვერ იქნებით. არაფერია, თუ ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებთ. ზედმეტი ნერვიულობა და სტრესი იმაზე მეტად დაგაზარალებთ, ვიდრე გამოუცდელობის გამო დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომები.

პროფესორი კორტნი ჰარინგტონი აღნიშნავს, რომ ახალ გამოწვევასთან გამკლავება ყველა სასწავლო დაწესებულებას უჭირს. თუ თქვენ ვირტუალური სწავლება რთულად გეჩვენებათ, მარტო ნამდვილად არ ხართ. ამ გამოწვევებთან გამკლავება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა პედაგოგს უძნელდება. კორტნი ჰარინგტონი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით მასწავლებლები ყველა სირთულის გადალახვას შეძლებენ. 


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
მომზადებულია ​verizon.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

აუცილებელია, სწავლის პროცესი დავუკავშიროთ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროს - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

აუცილებელია, სწავლის პროცესი დავუკავშიროთ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროს - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, შესაბამისად გაჩნდა ბევრი კითხვა სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მომზადდა შემდეგი ​რეკომენდაციები

გთავაზობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის რეკომენდაციებს:

მთავარი ამოცანა

ამ პერიოდში განათლების სისტემისთვის პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და მოსწავლეთა საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება. მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლება განხორციელდეს არა სოციალური ქსელების, არამედ ისეთი საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო არხების გამოყენებით, რომლებითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი მოსწავლეების უსაფრთხოება. დისტანციური კომუნიკაციის/სწავლების ფორმა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ მოსწავლეთა სრული ან ხანგრძლივი მოწყვეტა სასწავლო საქმიანობისგან და მასწავლებლებისთვისა და მოსწავლეებისთვის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდეს სასწავლო პროცესის განახლება.

დისტანციური გაკვეთილები

აღვნიშნავთ, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი სრულად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს (დღეში 4-6 საათიან განრიგს), მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას, საგაკვეთილო პროცესს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ინტერაქციას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სასურველია, 20-20 წუთიანი გაკვეთილები ჩაუტარდეთ დღის განმავლობაში მაქსიმუმ ორჯერ. ამგვარი დისტანციური გაკვეთილების რაოდენობა საორიენტაციოდ ჯამში არ უნდა აღემატებოდეს კვირაში ხუთ-ექვსს. რაც შეეხება უფროსკლასელებს, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა თვითონ გაკვეთილების სტრუქტურასა და ფორმატზეა დამოკიდებული. დისტანციური გაკვეთილების დროს, ძირითადად ყურადღება უნდა ეთმობოდეს სახლის პირობებში დავალებების შესრულებისას შეძენილი ცოდნა-გამოცდილებათა გაზიარებას. ამის უზრუნველსაყოფად მოსწავლეებს სათანადო დავალებები უნდა მიეცეთ. გთავაზობთ გარკვეულ რეკომენდაციებს:

● მნიშვნელოვანია, რომ დავალება მოტივაციას უმაღლებდეს მოსწავლეს. აუცილებელია, სწავლის პროცესი დავუკავშიროთ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროს. ამ უმნიშვნელოვანესი პედაგოგიური პრინციპიდან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ კონკრეტული საგნობრივი საკითხი ან საკითხები მოსწავლის გამოცდილების სფეროებს, მათთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ კონტექსტს, რათა შევძლოთ მოსწავლისათვის მიმზიდველი დავალების პირობის შექმნა. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: დაწყებით საფეხურზე, ბუნებისმეტყველების ისეთ ცნებაზე სამუშაოდ, როგორიცაა „სხეულის აგებულება და დანიშნულება“, შესაძლებელია მოსწავლეს ვთხოვოთ, აირჩიოს სახლის ნივთებიდან სამი-ოთხი და შეადგინოს კატალოგი - დახატოს ეს ნივთები და თითოეულს ქვემოთ მიუწეროს, რა ნაწილებისგან შედგება, რა ნივთიერებისგან არის დამზადებული. კატალოგის წარდგენისას მოსწავლეები იმსჯელებენ, რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ნივთის ფუნქციონირებისათვის/გამოყენებისათვის მის ნაწილებს და რატომ არის ისინი დამზადებული ამა თუ იმ ნივთიერებისგან. დარწმუნებული ვართ, თუ ამ მიმართულებით დაიწყებენ მასწავლებლები ფიქრს, ისინი უამრავ საინტერესო დავალებას შესთავაზებენ სახლებში მყოფ მოსწავლეებს ამ თუ იმ საგნობრივი ცნებისა თუ საკითხის დასამუშავებლად.

● როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში ვნახეთ, დავალება კონკრეტული პროდუქტის შექმნას გულისხმობს. ამდენად, იგი შეესაბამება „კეთებით სწავლის“, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნების უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელსაც გამოხატავს ჩინური გამონათქვამი: „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“. ამ პრინციპის დაცვას მოითხოვდა დიმიტრი უზნაძეც, რომელიც ამბობდა: „რაც ჩვენთვის პრაქტიკულად არაა მოცემული, მისი გაცნობიერების შესახებ ზედმეტია ლაპარაკი“. აქედან გამომდინარე, დავალების პირობა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას. გარდა ამისა, მოზარდებისათვის (ისევე როგორც ზრდასრულებისთვის) პროდუქტის შექმნა წარმოადგენს მიმზიდველ, მამოტივირებელ საქმიანობას, რომელიც მათ თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. სოციალიზაციისა და სოლიდარობის განცდის გასაძლიერებლად სასურველია, რომ მოსწავლეებს შევთავაზოთ საერთო, კოლექტიური პროდუქტების შექმნაც (მაგ., ამბის შეთხზვა კონკრეტულ თემაზე და გაფორმება). ცხადია, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომია სათანადო ციფრული რესურსები.

● როგორი და რა შინაარსის უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილები? დისტანციური გაკვეთილები, უფრო ზუსტად კი, დისტანციური შეხვედრები უნდა ეძღვნებოდეს მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების წარმოდგენას და ჩატარებულ სამუშაოთა გასიტყვებას. კერძოდ, ამ შეხვედრებზე მოსწავლეები აღწერენ და განმარტავენ, რა და როგორ გააკეთეს, რა დასკვნები გამოიტანეს, რა გაუძნელდათ ან გაუადვილდათ. მასწავლებელი ფასილიტაციას გაუწევს ნამუშევრების შესრულების დროს წამოჭრილ საგნობრივ საკითხებსა თუ პრობლემებზე მსჯელობას.

● ამის შესაბამისად, დისტანციური სწავლების პროცესი ამგვარ სახეს მიიღებს: მოსწავლეები ამა თუ იმ არხით მიიღებენ ისეთ დავალებას, რომელიც უკავშირდება მათი ცოდნა-გამოცდილების სფეროს და მოითხოვს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზით კონკრეტული საგნობრივი საკითხის დამუშავებას. წინასწარ დანიშნულ დროს, მასწავლებლის მიერ ორგანიზებული დისტანციური შეხვედრისას, მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ ნამუშევრებს, მასწავლებელი კი ხელს შეუწყობს პრაქტიკულ ცოდნათა გასიტყვებისა და საკითხთა გაგება-გაცნობიერების პროცესებს გეზის მიმცემი შეკითხვების დასმით.

● მოცემულ პერიოდში დაუშვებელია ნიშნების წერა, განმსაზღვრელი შეფასებების ჩატარება. დისტანციური შეხვედრები ორიენტირებული უნდა იყოს სწავლისა და გაგების პროცესების მხარდაჭერაზე, მოსწავლეთა დახმარებასა და დაკვალიანებაზე; მათი მონდომების დაფასებაზე, ასევე სოციალიზაციისა და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაზე.

პრიორიტეტული ადგილი უნდა მიენიჭოს ისეთ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს ეკრანებთან ხანგრძლივად ყოფნას - სახლებში „გამოკეტილი“ მოზარდები ისედაც ზედმეტ დროს ატარებენ ეკრანთან.

მშობლებთან კომუნიკაცია

● ამ ისედაც სტრესულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს არ შევუქმნათ დამატებითი სირთულეები. ისინი უნდა დავამშვიდოთ და ავუხსნათ, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმდინარე დისტანციური სწავლება არსებითად მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. არავის მოეთხოვება პასუხი შეუსრულებელი დავალების გამო - ვისაც როგორ შეუძლია, ისე ჩაერთვება ამ პროცესებში.

● მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება. ამიტომ უნდა შევარჩიოთ და ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით გავუგზავნოთ თუ მივაწოდოთ მოსწავლეებს იმ ტიპის შემეცნებითი-შემოქმედებითი დავალებები, რომელთა შესრულებასაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ სახლის პირობებში, აგრეთვე ისეთი დავალებები, რომლებიც მინიმალურ ახსნა-განმარტებებს საჭიროებს. გარდა ამისა, მოსწავლეებს უნდა მივცეთ ნათელი, მკაფიო დამხმარე მასალა და ინსტრუქციები, რათა მათ ადვილად გაიგონ, რას მოითხოვს დავალება. არ უნდა დავივიწყოთ ასევე დამხმარე საშუალებები (სანიმუშო მაგალითები, სახელმძღვანელოს კონკრეტული პარაგრაფიან გვერდი და სხვ.).

● ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობლების მიერ დასმულ კითხვებს, აუცილებლად დავამყაროთ მათთან უკუკავშირი და ნათლად ავუხსნათ, როგორი ფორმით ვმუშაობთ მათ შვილებთან.

● შესაძლებელია, მშობლებს კვირის განმავლობაში შესასრულებელი დავალებების განრიგის შედგენაში დავეხმაროთ.

● ასევე მშობლებს შევახსენოთ, რომ ცოდნათა განტკიცება-გამდიდრებას ხელს უწყობს საოჯახო აქტივობებიც და მივაწოდოთ მათ იდეები (საინტერესო და ყოველდღიურობაში ადვილად განსახორციელებელ იდეებს სთავაზობს მშობლებს Gpried-ის პროექტი. იხ. ​kargiskola.ge).

* შენიშვნა: სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი ამზადებს რესურსების ნაკრებს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები, დავალებათა ნიმუშები და მეთოდიკური გზამკვლევი.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლ​ებლების სანდო წყარო“  
წაიკითხეთ სრულად