Baby Bag

რატომ მძულს ტელეგაკვეთილები?

რატომ მძულს ტელეგაკვეთილები?

რატომ მძულს ტელეგაკვეთილები? - ამ თემაზე სოციალურ ქსელში საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის (სსიდა) განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ტელეგაკვეთილები კი არა, ის აზროვნება მძულს, ცხოვრებისა და ურთიერთობის ის წესი, რომელიც საბჭოეთიდან გადმოგვყვა. ამ უაზრო ინიციატივამ გააერთიანა მრავალათასიანი არმია მოქალაქეებისა, რომელთა ფუნქცია ლაიქებით, აპლოდისმენტებითა და ხოტბის აღვლენითაა დაკავებული. ზოგს გულწრფელად სწამს, ზოგს ევალება/ვალდებულია, ზოგი ნარცისიზმშია ჩაძირული.

არადა კრიზისია, ჩვენთანაც და მთელს მსოფლიოშიც. მარტო ეკონომიკურ, პოლიტიკურ კრიზისს არ ვგულისხმობ. საგანმანათლებლო კრიზისია!

კრიზისის მთავარი მახასიათებელია ის, რომ ბევრი ბავშვი დარჩა განათლების მიღმა. ამაზე სხვა ქვეყნებში წერენ, მსჯელობენ, დავობენ... ჩვენთან ტელეგაკვეთილების ქება-დიდების მარათონია სტახანოვური ვნებითა და სავოკური გზნებით. და, თურმე, მიღმა რომ დარჩნენ ბავშვები, ამიტომაა „ტელესკოლა“ საჭირო და აუცილებელი.

ამ ზერელე მსჯელობას ვერ დაფარავს საოცრად ხმაურიანი აპლოდისმენტები, ქება-დიდების სტახანოვური მარათონი. ზერელე მსჯელობა უდღეურია და მალე ქრება, მაგრამ ახალი ზერელე მსჯელობა დაიბადება ხოლმე მამულში.

ვინმემ იცის, ან იქნებ მეხოტბეებმა და ნარცისებმა დასვეს კითხვები?
იქნებ გაირკვა:
1. რამდენი ბავშვია ჩართული სასწავლო პროცესში? (გაცილებით ნაკლები, ვიდრე კორონამდე).
2. რამდენი ბავშვი დარეგისტრირდა სხვადასხვა პორტალზე, რომ დისტანციურად მიიღოს განათლება? (იმაზე ნაკლები, ვიდრე სკოლაში დადიოდა).
3. რამდენი ბავშვი შევიდა საიტზე ერთხელ? ორჯერ? სამჯერ? ოთხჯერ და ა.შ? (უფრო ცოტა, ვიდრე დარეგისტრირდა).
4. რამდენი უყურებს „ტელესკოლის“ ვიდეოებს (გაკვეთილებს ვერ ვუწოდებ, რადგან არ არის გაკვეთილი)? (უფრო ცოტა, ვიდრე განათლების მიღმა დარჩა, კიდევ უფრო ცოტა მიზნობრივად, ვიდრე სჭირდება).

ამ კითხვებს კონკრეტული პასუხი აქვს, რიცხვი გვაინტერესებს, რამდენი. თუ ცნობილია, უკან წავიღებ ჩემს ყველა ნათქვამს „ტელესკოლის“ მეხოტბეთა და ჩემთვის უსიამოვნო აპლოდისმენტების შესახებ.

უნდა ვიცოდეთ ეს მონაცემები. მაშინ გვექნებოდა შანსი, რომ დავშორებოდით ზერელე მსჯელობას, დაგვენახა განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები და მათი პრობლემები.

განათლების მიღმა საქართველოში კი არა, ჩვენს ქვეყანაზე გაცილებით დაწინაურებულ ქვეყნებშიც დარჩნენ ბავშვები. იქ ამაზე მსჯელობენ, აქ მსჯელობა აკრძალულია (რამდენიმე სტატია წავიკითხე, როგორ წერენ ამერიკელები ამ საკითხზე და ვიფიქრე, ჩვენთან დაწერენ? დაიწყება ამაზე მსჯელობა? არა მგონია. აქ ჯერ სხვა ვნებები ბობოქრობს).

კორონა გადაივლის, მოგვიწევს კრიზისებთან გამკლავება. კრიზისი კი მარტო ეკონომიკური არ იქნება, დღეს არსებული განათლების კრიზისის შედეგებისთვისაც მოგვიწევს თვალის გასწორება.

დაბოლოს:
1. ეს სტატუსი ლაიქებისთვის არ დამიწერია. თუ წაიკითხეთ, უკვე მადლობას გიხდით.
2. გროტესკულია ვიდეოების წამყვანთა შეპირისპირება: ეს გენიალური მასწავლებელია, არაჩვეულებრივია, ის - ისე რა. კარგი მასწავლებელი დღეს გეგმავს გაკვეთილებს, მთელი დღე კომპიუტერთან ზის, უკავშირდება ბავშვებს, იწვევს ვირტუალურ გაკვეთილებზე, თვალები სტკივა და ბევრი შრომისგან - წელიც. სულ ესაა კარგი მასწავლებლობის პროზაც და პოეზიაც“.

შეიძლება დაინტერესდეთ

„2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ჩავარდნის საფუძველი არ არსებობს და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სემესტრი შედგეს“

„2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ჩავარდნის საფუძველი არ არსებობს და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სემესტრი შედგეს“

„ტელესკოლა“, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება,“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საქართველოს ​პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ჩავარდნის საფუძველი არ არსებობს და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სემესტრი შედგეს.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დისტანციური სწავლების განვითარებას. ამაში ვგულისხმობთ „ტელესკოლას“, ონლაინ სწავლებას და სხვადასხვა მეთოდოლოგიას. ეს ყოველივე გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება, სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ სემესტრი შედგეს. სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა რეკომენდაციას. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე. როგორც ცნობილია, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატისა და ვადების ცვლილება არ იგეგმება, სამინისტროს მხრიდან ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წაიკითხეთ სრულად