Baby Bag

საქართველოს სკოლებში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE-ის განხორციელება იწყება

საქართველოს სკოლებში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE-ის განხორციელება იწყება

საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება. პროგრამის ოფიციალური გახსნის მიზნით, 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ მოაწერეს.

პროგრამა GLOBE ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე პროგრამის საპილოტედ განხორცილებისთვის 5-მდე სკოლა შეირჩევა, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 10 სკოლა გადამზადდება GLOBE-ში მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო მოდულებისა და ქართულ ენაზე თარგმნილი სასწავლო მასალების გამოყენება ნებისმიერ მსურველ მასწავლებელს შეეძლება. აღსანიშნავია ისიც, რომ GLOBE ფლობს ონლაინ სწავლების არაერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

მიხეილ ჩხენკელი: „სიმბოლურია, რომ დედამიწის საერთაშორისო დღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ორგანიზაციას ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის, NASA-სა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს. პროგრამა GLOBE ძალიან საინტერესო თემებს მოიცავს, რომელთა ცოდნა, ვფიქრობ, აუცილებელია ყველა განათლებული ადამიანისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ GLOBE-ის ონლაინ ინსტრუმენტები, საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა სკოლის დაფარვის შესაძლებლობას მოგვცემს. ონლაინ სწავლება კი მსოფლიო პანდემიის ფონზე განსაკუთრებულად აქტუალურია. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამა დიდი წარმატებით განხორციელდება.“

ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში – არად ბენკომ და პროგრამა GLOBE-ის საქართველოში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროგრამა GLOBE-ის ადმინისტრირება გლობალურ დონეზე NASA-ს მიერ ხორციელდება. საერთაშორისო ქსელი აერთიანებს სხვადასხვა სასკოლო საფეხურის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მეცნიერებს გლობალური გარემოს შესასწავლად. პროგრამა მოიცავს სწავლას, ეკოლოგიური კვლევებისა და დაკვირვების განხორციელებას და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ერთმანეთთან და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან.

GLOBE-ის არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების წარმატებული საერთაშორისო პლატფორმის დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს: სამეცნიერო და სასწავლო პრაქტიკის ფართო შესაძლებლობების შექმნას საჯარო და კერძო სკოლებში; წარმატებული სკოლებისა და ადამიანების დაკავშირებას საერთაშორისო პროგრამებთან; ახალი აკადემიური ცოდნის შექმნასა და საინფორმაციო მასალების მომზადებას; მოსახლეობის ინფორმირებას გლობალური თუ ადგილობრივი გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდ​ო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-სა და „პირველი არხი – განათლების“ მხარდაჭერით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის ამოქმედებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ამ მიზნით საგანმანათლებლო რესურსები ორი მიმართულებით შეიქმნება.

ზოგადი განათლების – „iსკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისათვის შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე https://www.el.ge/. მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შესრულება. ონლაინ პლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის/საგნობრივ ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც.

რაც შეეხება პროექტის მეორე – სკოლამდელი განათლების კომპონენტს, ის გულისხმობს რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების სატელევიზიო ფორმატში შეთავაზებას სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის, რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. ასევე, დისტანციური სწავლების პროცესის მართვის მხარდაჭერის მიზნით სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეიქმნება დისტანციური სწავლების გზამკვლევები.

მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ მოაწერეს.

წაიკითხეთ სრულად