ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მასწავლებლებისთვის ამარტივებს და აუმჯობესებს სწავლების პროცესს.
TVschool.ge მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ღილაკზე სულ რამდენიმე დაჭერით შექმნან და გაუგზავნონ საშინაო დავალება თავიანთ მოსწავლეებს.
პროცესი საკმაოდ მარტივია:
მასწავლებელი ირჩევს კლასს, საგანს და გაკვეთილს
შემდეგ პროგრამა საიტის ბაზიდან თავისით ალაგებს შესაბამის კითხვებს და აგენერირებს შექმნილი დავალების უნიკალურ ბმულს
აღნიშნულ ბმულს მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში - იქნება ეს მაიქროსოფთ თიმსი, მესენჯერი, თუ სხვა
მოსწავლე ხსნის ბმულს და აკეთებს დავალებას
დავალებას პროგრამა თავისით ასწორებს
აქვე შეგიძლიათ, იხილოთ მოკლე ვიდეოინსტრუქცია თუ როგორ იქმნება დავალება TVschool.ge-ზე
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გამოსადეგია თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც მასწავლებლებს სხვა გზა არ აქვთ და უწევთ, დისტანციურად მისცენ და ჩაიბარონ საშინაო დავალებები. პროცესი გამარტივებულია როგორც მასწავლებლელთათვის, ასევე მოსწავლეთათვის, რაც სწავლებას უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს ხდის.
Tvschool.ge სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩაეშვა. მას უკვე 2500-ზე მეტი მასწავლებელი და 15000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და ეს რიცხვები ყოველდღიურად სწრაფად იზრდება.
ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ბუნებისმეტყველების საგნის საუკეთესო პედაგოგი ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის სკოლის მასწავლებელი იამზე ფანცულაია გახდა, ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის პედაგოგს თეა ნონიკაშვილს ერგო.
თითოეულ გამარჯვებულს ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო - ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი, პლანშეტური კომპიუტერები და პროექტორი გადაეცათ. გამარჯვებულებს პრიზები გადასცა გამომცემლობა „დიოგენემ“, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ორგანიზაცია „ეკოვიჟენმა“, National geographic-მა და თბილისის ზოოპარკმა.
ცენტრმა გამოავლინა „დამსახურებული მასწავლებელიც“, რომელიც ქარელის რაიონის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის პედაგოგი ზინა კალმახელიძე გახდა.
თითოეულ საგანში საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივაა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შერჩეული იქნა საუკეთესო კანდიდატები. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის დაუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.