„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება
სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება. შესაბამისი ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში შედის.
ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამით გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 95.0 მლნ ლარით და შეადგენს 845.5 მლნ ლარს.
„ზრდა გამოწვეულია განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპენსაციის სახით ერთჯერადი ჯილდოს გაცემით. 6500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი სისტემის დატოვების თაობაზე და შესაბამისად თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს მათი 2 წლის საშუალო შრომის ანაზღაურების ოდენობით,“ - წერია განმარტებით ბარათში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 131.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 639.5 მლნ ლარით, მათ შორის.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე გაგრძელდება ეტაპობრივად პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ზრდა და უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ დანამატს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატუსის ამაღლების უფლების მოპოვების მსურველთა რაოდენობა და შემდეგ საფეხურზე გადავიდა 10 ათასამდე მასწავლებელი (ნაცვლად პროგნოზირებული 6500 მასწავლებლისა) და შესაბამისად ეს პედაგოგებიც მიიღებენ (გაზრდილ) დანამატს.