„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა
წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა.
მამია ფანცულაია ამავე, სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად ასევე ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.
სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, მამია ფანცულაიას სახელი ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის N160/ნ ბრძანებით მიენიჭა.