„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება
„2020-2021 სასწავლო წელი ტრადიციულად, 15 ივნისს დასრულდება,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილმე ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ხანგრძლივი პერიოდით გამოცხადდა დასვენების დღეები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს. იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება. იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დასვენების დღედ გამოცხადდა, უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს, როგორ უნდა მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებიც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ დააორგანიზონ საგაკვეთილო პროცესი, გამოიყენონ რამდენიმე საათი დამატებით, შაბათი დღე. ყველა ეს რეკომენდაცია არის დეტალურად გაწერილი, ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ სასკოლო სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.