„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
,,7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შესაძლებელი იქნება შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა'' - Emis
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იმ პედაგოგებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს დღემდე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, 7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შეეძლებათ შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა:
,,მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნის შეტანა (მათ შორის შემაჯამებელი წერის) შეუძლია რვა დღის განმავლობაში. იმ პედაგოგებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს დღემდე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, 7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შეეძლებათ შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა ( საუბარია მხოლოდ ჩანიშნულ შემაჯამებლის ნიშნებზე და არა მიმდინარეზე, მაგ. საკლასო).
იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში დღემდე არ უჩანს რომელიმე მონაცემი (ცხრილი, სია, თარიღი და ა.შ. ) პირველ რიგში გადაამოწმეთ სკოლის ადმინისტრაციასთან, რამდენად სწორად არის შეყვანილი მონაცემები, რომ ზემოთაღნიშნულ ვადებში მოახერხოთ შემაჯამებელი ნიშნების შეტანა, თუ ამის საჭიროება გაქვთ,'' - ნათქვამია განცხადებაში.