„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება
2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის 20 ივლისიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა იწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.