„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი
2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში საინტერესო ექპერიმენტის შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ. თან გავაფრთხილე, რომ ქვის სროლა ძალიან რთული დავალება იქნებოდა. ბევრი იცინეს და ბევრი ქვის სროლაც მოასწრეს უმისამართოდ, სანამ მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდოდი და სამიზნეს დავუდგამდი. მათ სამიზნედ ოთკუთხედ ჩარჩოზე გადაჭიმული სიფრიფანა ქაღალდი დავუდე. პირველად ერთი ქვა უნდა მოეძებნათ და სამიზნისთვის ესროლათ. ესროლეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაარტყა. ახლა ორი ქვის სროლის ნება მივეცი, მაგრამ ვერც ახლა მოახერხეს, თუმცა რამდენიმეს ცოტა დააკლდა. იმ დღეს ხუთ ქვაზე ავედით და მხოლოდ ერთმა გაარტყა, ისიც ჩარჩოს და ქაღალდი უვნებელი დარჩა. მაშინ მათ ვუთხარი, რომ, როცა ქვების უმისამართოდ სროლა ძალიან ადვილი იყო მათთვის, მაგრამ როგორც კი სამიზნე გამოჩნდა, ყველაფერი გართულდა.
როცა მარტო ცოდნისთვის ასწავლი, უბრალოდ წაკითხული, დაზეპირებული მეორე დღეს ისევ მოგიყვეს, ეს ძალიან ადვილია და უმისამართოდ ქვის სროლას ჰგავს და მაგრამ, როცა იმას ასწავლი, თუ როგორ და რისთვის ისწავლოს, სამიზნის მათ წინ დადების ტოლფასია, რომელიც არ გასვენებს, სანამ ქვას არ გაარტყამ.
როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, სამიზნე დადებული მქონდა და ვიცოდი, რისთვის მესროლა. ჰოდა, ნურავის გაუკვირდება, ამდენი წლის შემდეგ რომ გავარტყი. მე ხომ ბევრი ვიმუშავე ამისთვის“, - წერს ლადო აფხაზავა.