პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა კერძო სკოლების გადასახადს შეეხებოდა - მშობლები ვერ ახერხებენ კერძო სკოლების საფასურის გადახდას, რადგან სამსახური დაკარგეს, დაეხმარება თუ არა მათ სახელმწიფო?
„ჩვენ ყველა მიმართულებით ვეხმარებით ადამიანებს, სოციალურ ჯგუფებს, ამიტომ დავამატეთ ამ დახმარებაში რაღაც ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ა.შ. კერძო სკოლების გადასახადებზე დაკონკრეტებას ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან და შეუძლებელია მსგავს დეტალებში დღეს ჩასვლა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს გამოწვევა გლობალურია და ყველა მოქალაქეს ეხება:
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს გამოწვევა ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - უკიდურესად გაჭირვებულსაც და საშუალო შემოსავლის ადამიანსაც. სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც აქვს, ეფექტურად გადაუნაწილოს თითოეულ მოქალაქეს და თავისი ზრუნვის ვალდებულება დაუდასტუროს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკიდურესად გაჭირვებულს. ამიტომ ჩვენ, სოციალურად დაუცველების ქულების მიხედვით, 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე ადამიანებს შევთავაზეთ დახმარების 6-თვიანი სპეციალური ინსტრუმენტები, ეს ქულების ის რაოდენობაა, რომელსაც სახელმწიფო აქამდე სისტემურად არ ეხმარებოდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.