Baby Bag

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, სკოლაში ინსპექტირების პროცესი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა:

„ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, სამინისტროს განმარტებით, გამოვლენილია: სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.