Baby Bag

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ევროკომისიის კონკურსში წარდგენილმა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ევროკომისიის კონკურსში წარდგენილმა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.

პროექტი, რომლის სახელწოდება – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ – ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცები“ („Science is the Captain, and practice the soldiers”) არის ინსპირირებული, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საერთო-ევროპული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ჩატარებას გულისხმობს. პროექტის ამბიციური მიზანია ევროპის კონტინენტზე ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ჭეშმარიტად ევროპული ტიპის დღესასწაულის გამართვა.

ისტორიაში პირველად საქართველოს „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ გამოჩნდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე ევროკავშირის მიერ „ევროპელ მკვლევართა ღამისთვის“ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე. „ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

„კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ პროექტის ფარგლებში, რომლის საგრანტო ბიუჯეტი 197 500 ევროს შეადგენს, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს 6 ქალაქში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება, რომლებიც სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და, რაც მთავარია, შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გულისხმობს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მულტიდისციპლინური და მრავალდარგობრივია, მოიცავს როგორც სამეცნიერო და ინოვაციურ, ისე მუზეუმების, არქეოლოგიის, ასტრონომიის, მეღვინეობის, საკვებ-ტექნოლოგიების, ფეხბურთის, მწერლობისა და ისტორიის საკითხებს.

პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერ-მკვლევართა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე; უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ; გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. განხორციელების პროცესში კი ჩართული იქნებიან მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები, ათობით ინსტიტუცია (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, სკოლები, მწერალთა სახლი, ფეხბურთის ფედერაცია და ა.შ.).

მეცნიერების სისტემის განვითარება და სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან სწორედ მასში ისახება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტიანობის ზრდის პოტენციალი. შესაბამისად, საზოგადოების ფართო მასებში მეცნიერების პოპულარიზაციასა და მასში ახალი თაობების ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საუკეთესო და ევროპული ქვეყნების მიერ უკვე აპრობირებულ გზად „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ყოველწლიური ორგანიზება მიიჩნევა.

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსი „ევროპელ მკვლევართა ღამე“ (European Researchers’ Night) ყოველ მეორე წელს ცხადდება და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და “Horizon 2020” პროგრამაში ასოცირებულ ქვეყნებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გადამზადების შედეგად მასწავლებელების ნაწილმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანა“- ეკატერინე დგებუაძე

„გადამზადების შედეგად მასწავლებელების ნაწილმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანა“- ეკატერინე დგებუაძე

„გადამზადების შედეგად მასწავლებელების ნაწილმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანა“, - ამის შესახებ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ​„ახალი სკოლის მოდელს“ განიხილავენ.

მან წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები და ის აქტივობები, რომლებიც გაკეთდა 2019 წელს „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 165 საპილოტე სკოლაში.

„საქართველოში არსებულ 2083 სკოლაში, ყველა სკოლაში ერთდროულად დავიწყებთ მასწავლებლების გადამზადებას. ვამზადებთ ძალიან ბევრი წელია, მაგრამ გადამზადების შედეგად მასწავლებელმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მოიტანა. შეიძლება მოიტანა, ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მთლიანი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, არის საკმაოდ რთული მდგომარეობა. შეიძლება იმეცადინა, ისწავლა, მაგრამ გაკვეთილზე როგორ განახორციელოს ის მიღებული ცოდნა, გადასცეს, დაგეგმოს, უკვე პრაქტიკაში გადაიტანოს, აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებს ეს უნარი არ აქვთ. მასწავლებელს სჭირდებათ, ვიღაცამ ველზე, გაკვეთილზე კეთებით ასწავლოს ის ცოდნა, რა ცოდნასაც იღებს გადამზადების პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზესადაც „ახალი სკოლის მოდელს“ განიხილავენ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად