Baby Bag

„დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას“ - რა წერილს აქვეყენებს „ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე

„დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას“ - რა წერილს აქვეყენებს „ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე

„ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე სოციალურ ქსელში მოსწავლის წერილს აქვეყნებს. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, დავალების დაწერის სურვილი მოსწავლეს ერთ-ერთი „ტელეგაკვეთილის“ ნახვის შემდეგ გაუჩნდა. ეს „ტელეგაკვეთილი“ ბებია-ბაბუებს ეძღვნებოდა და მისი მთავარი მოთხრობა გოდერძი ჩოხელის ​„ბებო“ იყო.

„როგორი როგორი სევდიანი და თბილი წერილია.

დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას, მაგრამ გამიხარდა კიდეც. „ტელეგაკვეთილმა“ ასეთი სიტყვების დაწერის სურვილი რომ გაუჩინა ბავშვს, ამიტომ გამიხარდა.

მჯერა, მის წერილს წაიკითხავს ბებო იქ, სხვა სამყაროში, და ძალიან ბედნიერი იქნება“, - წერს მასწავლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი ფილოლოგ გია მურღულიას პოსტს ეხმიანება

„ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი ფილოლოგ გია მურღულიას პოსტს ეხმიანება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში გუშინ ფილოლოგ გია მურღულიას ,,ახალი სკოლის'' მოდელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ​პოსტს ეხმიანება, რომელსაც ​Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,​პასუხი ბატონ გია მურღულიას

ბატონო გია,

როგორ გული დამწყვიტეთ - ამდენი საინტერესო გადაცემა მიუძღვენით ახალი სკოლის მოდელს, მის განხილვას მთლიანად დაუთმეთ თქვენი ორგანიზაციის ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი და შესანიშნავი წინასიტყვაობაც დაურთეთ! მიხაროდა, რომ თქვენი სახით ავტორიტეტული გულშემატკივარი ჰყავდა ახალ სკოლას. . .

თქვენი ფეისბუქგვერდის გუშინდელი პოსტიდან ვიგებ, რომ დიდ გაუგებრობაში ვყოფილვართ! სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თქვენს გულსა და გონებამდე ვერ მივიტანეთ ახალი სკოლის პედაგოგიკის არსი!

მოვიხმობ თქვენი პოსტიდან რამდენიმე ამონარიდს და მათ შუქზე ვეცდები წარმოქმნილ გაუგებრობათა გაფანტვას.

პოსტში წერთ:

„სწავლისას შეცნობის მომენტს სწორედ ფრაზა ქმნის, რომელიც, ცხადია, ცნებებისგან შედგება, მაგრამ არ არის მათ მნიშვნელობათა უბრალო არითმეტიკული ჯამი.

„ყორღანებიდან გნოლი აფრინდა“; არ არის ამ სამი ცნების უბრალო მიმატება - არც„გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“. ფიქრის სული ფრაზაში ჩანს და არა ცნებაში“(ხაზგასმა ჩემია).

როგორ მივიდა საქმე იქამდე, რომ საგნობრივი სამიზნე ცნებები გააიგივეთ წინადადებების ცალკეულ სიტყვებთან? გაუგებრობის შედეგად უნდა მივიჩნიოთ თუ ხუმრობად ჩავთვალოთ?(ოღონდ არ ვიცი, ერთად ვიტიროთ თუ ერთად ვიცინოთ?). თქვენ მიერ დამოწმებულ ციტატაში მოყვანილი ცალკეული სიტყვები - ყორღანი, გნოლი, აფრინდა - კი არ წარმოადგენს საგნობრივ სამიზნე ცნებებს (ეს რამ გაფიქრებინათ!), არამედ ლექსის კომპოზიცია.

რას გულისხმობს სამიზნე ცნებაზე „ლექსის კომპოზიცია“ მუშაობა ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიკაში? ამ ცნების განმარტების დასწავლას? არამც და არამც! ეს გულისხმობს მრავალი ლექსის „დაგემოვნებას“, მრავალი წინადადების „დაგემოვნებას“ (უკაცრავად ტავტოლოგიისთვის) და ამ გამოცდილებაზე დაფუძნებით იმის აღმოჩენას, თუ როგორ, რა ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებით გამოხატავენ პოეტები მთავარ სათქმელს; როგორ ზემოქმედებენ ისინი მკითხველის განცდებსა და ემოციებზე. . . ასე რომ „სამიზნე ცნება“ ერთი განცალკევებული სიტყვა არ არის, მას ასი ათასობით წინადადების მომცველი „სანახები“ აქვს, ხოლო ცნებაზე მუშაობა ცალკე მდგომ სიტყვაზე მუშაობას კი არ გულისხმობს, არამედ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ლექსებსა და წინადადებებში „ფიქრის სულის“ აღმოჩენას.

სამიზნე ცნება „კომპოზიცია“ გრძელვადიანი ორიენტირია მასწავლებლისთვის, ამ ცნებაზე მიმართული სამუშაოს ფარგლებში იგი მოსწავლის გულისყურს მიმართავს იმაზე, თუ რა ქმნის ამა თუ იმ ლექსის კომპოზიციურ მთლიანობას, როგორ უკავშირდება ერთმანეთს თემა, მთავარი სათქმელი, მხატვრულ საშუალებები, რა მიმართებებია მათ შორის . . . ამ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებით მასწავლებელი მოსწავლეს ჩამოუყალიბებს „გონებრივ ლინზებს“, რომლებითაც იგი შეძლებს დაინახოს ლექსის კომპოზიციური ელემენტების დინამიკური ერთიანობა, განაზოგადოს მათი შესწავლით მიღებული ცოდნა-გამოცდილება და დაეუფლოს ამ ცნების „სანახებს“ - გახდეს ლექსის, როგორც ასეთის, კარგი მკითხველი. როგორც ხედავთ, ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიკაში სამიზნე ცნება ფიქრს კი არ ანაწევრებს, არამედ ამთლიანებს!!!

რამ გაფიქრებინათ, რომ დაქუცმაცებულ, უკონტექსტო, მოსწავლისთვის უშინაარსო სიტყვებს ვასწავლით?

ალბათ, ეს გაფიქრებინათ ცოდნის რეპროდუცირებაზე ორიენტირებულმა პედაგოგიკამ, რომელსაც სხვაგვარად შეიძლება სწავლების პედაგოგიკაც ვუწოდოთ. ეს პედაგოგიკა სიტყვა-ცნებას მის მნიშვნელობასთან აიგივებს. ასეთ პედაგოგიკას ჰგონია, რომ თუ სიტყვის მნიშვნელობას ასწავლის მოსწავლეს, ანუ აუხსნის, რა არის ეს (მაგალითად, რა არის კომპოზიცია), ამ გზით ამ სიტყვა-ცნებას დაასწავლის. ეს მართლაც, თქვენი თქმისა არ იყოს, სწავლებაა ემოციის გარეშე, „სულის“ გარეშე! მოსწავლე ამ სიტყვის მნიშვნელობას კიდეც დაიმახსოვრებს, კიდეც განგიმარტავს, მაგრამ ეს იქნება ზედაპირული, ხელოვნურად „მიტმასნილი“ ცოდნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არა მის მიერ „კონსტრუირებული“, არამედ რეპროდუცირებული ცოდნა, რომელსაც სიღრმე არა აქვს, რომელიც ვერ იქნება დაფესვიანებული მისი ცნობიერების შრეებში. ესაა გამოუყენებელი ცოდნა - რასაც ფესვი არა აქვს, ის ნაყოფს ვერ იძლევა.

ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიკა ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული პედაგოგიკაა, სხვაგვარად მას შეიძლება ვუწოდოთ სწავლის (და არა სწავლების) პედაგოგიკა. იგი სიტყვა-ცნებას განიხილავს, როგორც გარსს, რომლის მიღმა უვრცესი მოცულობაა/სანახებია. მაგ.., სიტყვა-ცნების „ ლექსის კომპოზიციის“ მოცულობას ქმნის ყველა ლექსი, რაც კი ოდესმე დაწერილა. ამას გარდა, სიტყვა-ცნებას „ლექსის კომპოზიცია“ აქვს გამაერთინებელი „სული“, ანუ არსიც - ეს არის ის არსებითი მახასიათებლები, რომლებიც მის მოცულობაში შემავალ ყველა ელემენტს (ლექსს) ახასიათებს.

ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული სწავლის პედაგოგიკის მიხედვით, რა გზით უნდა დაეუფლოს მოსწავლე ამ სიტყვა-ცნებას?

პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული აღმოჩენის გზით - მან გემო უნდა გაუსინჯოს ლექსებს, „ფრაზებს“, ერთს, მეორეს, მესამეს და თანდანობით აღმოაჩინოს, რა ქმნის ლექსს ლექსად, თავად შეიცნოს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებით, რა აქვს საერთო ლექსებს, რა არსებითი მახასაითებლები აქვთ მათ, ანუ მან უნდა მოძებნოს პასუხები კითხვებზე: როგორია ტექსტი, რომელსაც ლექსს ვუწოდებთ, რატომ ჰქვია ამ ტექსტს ლექსი? რა განაპირობებს ლექსის მთლიანობას? რა განაპირობებს ლექსის მიმზიდევლობას? მოსწავლე გამოცდილებაზე დაფუძნებით თავად აღმოაჩენს სამიზნე ცნების ლექსის კომპოზიციის მნიშვნელობას - ეს არის კონსტრუირებული ცოდნა, რომელიც ფესვიანდება ცნობიერების ღრმა შრეებში. სწავლის პედაგოგიკა მეგზურია - იგი მოსწავლეს ამოგზაურებს ცნების „სანახებში“, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით და აღმოჩენების გზით, მიჰყავს მოსწავლე სიტყვის გარსიდან მის არსისეულ, დაფარულ, უნივერსალურ სიღრმეებისკენ.

ეს არის ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიკა. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: „. . . დღევანდელს დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, - კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი - სრულებით სხვა. ეს იმიტომ არის, რომ დედა-აზრნი, სკოლაში სწავლა-ცოდნით გამორკვეულნი, მარტო ფორმალურად არიან მიღებულნი და არა მათის შინაგანი აზრით, არა მათის ბუნებურის შინაარსითა“. ამაზე უკეთესად ვერც ახსნი განსხვავებას „რეპროდუცირებულ“, ანუ „ფორმალურად“ მიღებულ ცოდნასა და „კონსტრუირებულ“ ცოდნას შორის, დაუკავშირებელ საკითხებზე ორიენტირებულ პედაგოგიკასა და ცნებაზე ორიენტირებულ პედაგოგიკას შორის. მართლაც, „დედა-აზრნი, სკოლაში სწავლა-ცოდნით გამორკვეულნი . . მათის შინაგანი აზრით. . .მათის ბუნებურის შინაარსით“ სხვა რა არის, თუ არა ცნების არსებითი მახასიათებლები.

ზემოხსენებულ სტატუსში ბრძანეთ:

„ცნებების გააზრებაზე ორიენტირებული სასწავლო (მით უმეტეს - აღმზრდელობითი) პროცესის გაფეტიშება და ამგვარ განწყობაზე დაფუძნებული მეთოდიკის „ერთადერთობისა" და უმაღლესი დიდაქტიკური ნიშნით დამკვიდრება დიდი შეცდომაა - არცერთი საგანმანათლებლო იდეის გააბსოლუტება არ ვარგა. მხოლოდ უნივერსალური მიდგომა და ხედვა ამართლებს. ამ უნივერსალურშიც ნამდვილად მთავარი უნდა დავინახოთ“.

მოგახსენებთ, რომ ახალი სკოლის მოდელის კონცეპტუალურ ჩარჩოს, ერთი მხრივ, დიმიტრი უზნაძის საგანმანათლებლო ხედვა წარმოადგენს, მეორე მხრივ, კონსტრუქტივისტული პარადიგმის პრინციპები, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით.

დიმიტრი უზნაძის შეხედულებით, სასკოლო განათლება ძირითად მიზნად უნდა ისახავდეს მოზარდებში ცნებითი აზროვნების განვითარებას, ცნებითი აზროვნების კულტურის ჩამოყალიბებას, რადგანაც ადამიანის აზრი მხოლოდ ცნებების საშუალებით სწვდება სამყაროს მთლიანობას, იგებს საგანთა მნიშვნელობასა და მათ მიმართებებს სინამდვილის სხვადასხვა ასპექტთან. ამავე მოსაზრებას გამოთქვამდა თავის დროზე ლევ ვიგოტსკი, შემდეგ - ბრუნერი და მისი მიმდევრები; დღეისათვის ცნება, როგორც აზროვნების უნივერსალური ინსტრუმენტი და ცოდნის კონსტრუირებისათვის უალტერნატივო პედაგოგიკური ინსტრუმენტი , საყოველთაოდაა აღიარებული განათლების მეცნიერებაში.

ამ ხედვის შესაბამისად, „ახალი სკოლის მოდელში“ თითოეული საგნის სწავლების გრძელვადიან (საფეხურებრივ) მიზნებად განისაზღვრა საგნობრივი ეგრეთ წოდებული სამიზნე ცნებები. ყველა საგნობრივი საკითხის სწავლა-სწავლება სწორედ ამ სამიზნე ცნებების ნიადაგზე უნდა განხორციელდეს და ემსახურებოდეს მათ სიღრმისეულად გააზრებასა და დაუფლებას - ცხადია, სწავლის პედაგოგიკით, კონსტრუირებაზე ორიენტირებული პედაგოგიკით.

აღსანიშნავია, რომ ცნებითი აზროვნების განვითარების უმთავრეს პირობად უზნაძე „ობიექტივაციას“, ანუ გაცნობიერების ფაქტს მიიჩნევს. ამიტომაცაა, რომ ამ უკანასკნელს ქართველი მკვლევარი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს და თვლის, რომ ადამიანის წინსვლის, მისი სწრაფი კულტურული განვითარების საფუძველი სწორედ ობიექტივაციის უნარია; მაგრამ ობიექტივაცია, ანუ რაიმე მოცემულობის ცნობიერების საგნად ქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ეს მოცემულობა პრაქტიკული გამოცდილების ნაწილს წარმოადგენს. აი რას წერს იგი: „ იმისთვის, რომ რისამე ცნობიერების საგნად ქცევა მოხერხდეს, მისი პრაქტიკული მოცემულობა უნდა იყოს შესაძლებელი; ის, რაც ჩვენთვის პრაქტიკულად არაა მოცემული, მისი გაცნობიერების შესახებ ზედმეტია ლაპარაკი; სწავლების დედააზრი სწორედ ისაა, რომ იგი ამ წინასწარ მოცემულობას ემყარება და მას მეორე მოცემულობად, ესე იგი, ცნობიერ მოცემულობად აქცევს.“

იმედია, ამოიცნობდით ახალი სკოლის მოდელს: კომპლექსური დავალებების პრაქტიკულად განხორციელების გზით მიღებულ პრაქტიკულ მოცემულობაზე დაყრდნობით ცნების არსობრივი ასპექტების გაცნობიერება.

საგნობრივ სამიზნე ცნებებზე ორიენტირებული პედაგოგიკა სწორედაც რომ დანაწევრებული სწავლა-სწავლების საწინააღმდეგო პოლუსზე დგას და მოსწავლეს ეხმარება, დაინახოს ნაწილებს შორის არსებული მიმართებები. მაგალითად, სამიზნე ცნება კომპოზიციის წვდომა მოსწავლეს დაეხმარება დაინახოს თითოეული ნაწარმოები, როგორც დინამიკური მთლიანობა და ეს წვდომა წინადადებების და წინადადებათა ერთობლიობების შეცნობის გზით ხორციელდება.

მეტიც, სამიზნე ცნებების პედაგოგიკის წყალობით მოსწავლე არა მხოლოდ აღმოაჩენს, არამედ თვითონაც ახდენს აღმოჩენილი ცოდნის შემოქმედებითად რეკონსტრუირებას იმ დავალებებში, რომლებსაც უხვად სთავაზობს მათ ახალი სკოლის მოდელი: მაგ., ლექსის შეთხზვა ტროპების გამოყენებით, მოთხრობის შეთხზვა, პერსონაჟის დღიური, ერთი პერსონაჟის წერილი მეორის მიმართ, წარმოსახვითი ინტერვიუ პერსონაჟთან, მოთხრობის გაგრძელება, თხრობა მთხრობლის შეცვლით, დიალოგი ტექსტებს შორის, ჟანრის შეცვლა და ა.შ. ამ დავალებებიდან კარგად ჩანს, რომ მოსწავლე - როგორც კოგნიტურად, ისე ემოციურად- აქტიურადაა ჩართული იმ ფაქტებში, მოვლენებში თუ რეალიებში, რომლებიც ნაწარმოებშია წარმოდგენილი.

ამ მხრივ, სრულიად უადგილოა თქვენი შენიშვნა :„რაღაცის აღქმა და შეცნობა არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ემოციური აქტიც არის“. ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიკის ერთ-ერთი არსებითი პრინციპია მოსწავლის ემოცური ჩართულობის უზრუნველყოფა, რის გარეშეც მიწოდებული ინფორმაცია ვერაფრით გარდაიქმნება ორგანულ ცოდნად, პიროვნების შემადგენელ ნაწილად. მოსწავლის ემოციური ჩართულობის აუცილებელი პირობაა საგანმანათლებლო პროცესის მოსწავლის პირად გამოცდილებაზე დაფუძნება. ეს პრინციპი ზემოთ დასახელებული დავალებების სათაურებიდანაც კარგად ჩანს.

ფეისბუქის გუშინდელ სტატუსში ბრძანეთ:

„არამართებული ფუნდამენტი მყარ და უსაფრთხო შენობას ვერ დაიჭერს“.

ახალი სკოლის პედაგოგიკის ფუნდამენტი სხვა არაფერია, თუ არა საყოველთაოდ აღიარებული ხუთი ძირეული საგანმანათლებლო პრინციპი. ისინი კოგნიტური ფსიქოლოგიის სხვადასხვა განშტოების განვითარების შედეგად განისაზღვრა, როგორც აუცილებელი პირობა მყარი და საფუძვლიანი ცოდნის კონსტრუირებისთვის.

ეს პრინციპებია:

1. მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება: აქტიური სწავლა - სწავლა-სწავლების პროცესი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლის აქტიურ, შემოქმედებით საქმიანობას (კვლევა, შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა და ა.შ.) და არა მის პასიური მსმენელის მდგომარეობაში ყოფნას;მოსწავლის ცოდნის სტრუქტურების ზრდის საფუძველი მისი შინაგანი აქტივობაა. ასე რომ, გონებაში ცოდნის სტრუქტურების ზრდა-განვითარება მოზარდის შინაგანი აქტივობის პირდაპირპროპორციულია.

2. ახალი ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნა-გამოცდილებაზე დაყრდნობით - სწავლა-სწავლების პროცესში თანდათანობით,გამოცდილებაზე დაფუძნებით უნდა ხდებოდეს მოსწავლის მიყვანა ახალ ცოდნამდე ; წინარე ცოდნა-გამოცდილება სწავლის ინსტრუმენტია. როცა მოსწავლეს ვთავაზობთ ისეთ კონტექსტებს, რომელიც არ შეესაბამება მისი ცოდნა-გამოცდილების სფეროებს, მას ვართმევთ ამ ინსტრუმენტებს და ვტოვებთ უსუსურ მდგომარეობაში, განაიარაღებულს. ასეთი მოსწავლეკარგავსცოდნისშეძენისბუნებრივსურვილს.

3. ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება - სწავლა-სწავლების პროცესი ხელს უნდა უწყობდეს სამიზნე ცნების გარშემო ურთიერთდაკავშირებულ ცოდნათა აგებას (და არა დაქუცმაცებულ-დანაწევრებული ინფორმაციის მიწოდებას);აზროვნების სიძლიერე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა ცოდნათა კომპონენტებიურთიერთდაკავშირებული და ორგანიზებული.კომპეტენციას ქმნის არ ცოდნის ცალკეული კომპონენტები, არამედ ცოდნათა კომპონენტებს შორის მჭიდრო ინტერაქცია, ამ კომპონენტების ინტეგრირებულად გამოყენების უნარი. (ცოდნათა ორგანიზება უზრუნველყოფს ცნებების პედაგოგიკა, რადგანაც ცნება აზრობრივ კონსტრუქტია, რომელიც განაპირობებს აზროვნების ორგანიზებას, სტრუქტურირებას.).

4. სწავლის სწავლა - სწავლა-სწავლების პროცესში აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა მხოლოდ რას სწავლობს მოსწავლე, არამედ - როგორ სწავლობს; მას უნდა შევიწყო ხელი, რომ დაეუფლოს იმ საშუალებებს, რომლითაც ცოდნის განვავითარებთ. სწავლაში მეტი მიღწევა იმას აქვს, ვინც ამ საშუალებებს ფლობს.

5. ცოდნის სამი კატეგორია (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) - სწავლა-სწავლების პროცესში მხოლოდ თეორიული მასალის დამახსოვრებაზე კი არ უნდა კეთდებოდეს აქცენტი, არამედ ყურადღება უნდა მიექცეს პროცედურებსაც (როგორ გავაკეთო?) და თეორიული მასალის განსხვავებულ კონტექსტებში გამოყენებას, რა მოითხოვს არსობრვი ასპეტების შეცნობას..

ეს ის უნივერსალური პედაგოგიკური პრიციპებია, რომლებიც უზრუნველყოფს ცოდნის „მყარი და უსაფრთხო შენობის“ აგებას.

სწორედ ეს პრინციპებია ჩაშენებული ახალი სკოლის პედაგოგიკასა და დიდაქტიკურ ინსტრუმენტებში. თქვენს პოსტში ამოვიკითხე საყვედური, რომელიც გაისმის აქა-იქ: „ჩარჩოში აქცევთ მასწავლებლებსო“!

აი, რას ვიტყვი ამის თაობაზე: ოსტატობას წინ უძღვის შეგირდობის პერიოდი, რომელიც ეფუძნება საკმაოდ ხანგრძლივ პრაქტიკულ გამოცდილებას. მასწავლებელს, რომელმაც არ იცის, როგორ უზრუნველყოს მოსწავლეში ცოდნის კონსტრუირება, ანუ არ იცის, როგორ დააფუძნოს თავისი პრაქტიკა ხუთ ძირეულ საგანმანათლებლო პრინციპზე, შეგირდობის პერიოდი აქვს გასავლელი. ამ პერიოდში მას საუკეთესო მეგზურობას გაუწევს ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიკა. როცა მასწავლებელი ამ მოდელით მიღებული გამოცდილების საფუძველზე ჩაწვდება ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული პედაგოგიკის არსს, ის უკვე თავადაც გახდება ოსტატი, თავადაც შეძლებს ცოდნის “ მყარი შენობის აგებას“ და ამის შემდეგ თვითონვე შეიმუშავებს მოდელს თავისი პრაქტიკისთვის. ზემოხსენებული ფუნდამენტური პედაგოგიკური პრინციპების დანერგვა-გაცნობიერება მხოლოდ ამ პრინციპების შემცველ პრაქტიკითაა შესაძლებელი.

დაბოლოს, განათლების სისტემაში მეფე არც ცნებაა, არც ფრაზა, არც აზრი, არამედ მოსწავლე და მისი „სამოქმედოდ აღძრული ძალები“. დავასრულებთ დიმიტრი უზნაძის სიტყვებით, რომლებიც ეროვნულ სასწავლოს გეგმას აქვს წამძღვარებული: „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა , , , , აქვს განსაზრული მიმართლებით მოსწავლის ძალების განვითარებას. . .“

წაიკითხეთ სრულად