Baby Bag

„ჩემი მიზანია, გაკვეთილებმა ბავშვებს გაუჩინოს კითხვის სურვილი, მოუნდეთ, რომ ყოველდღიურობა მეტად საინტერესო გახადონ და, რაც მთავარია, კრიტიკულად იაზროვნონ“

„ჩემი მიზანია, გაკვეთილებმა ბავშვებს გაუჩინოს კითხვის სურვილი, მოუნდეთ, რომ ყოველდღიურობა მეტად საინტერესო გახადონ და, რაც მთავარია, კრიტიკულად იაზროვნონ“
ნათია ფურცელაძე - ეს სახელი და გვარი თვეზე მეტია, ტელეეკრანებიდან გვესმის და ონლაინ სივრცეში ვხედავთ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ტელეგაკვეთილები დიდი ინტერესით სარგებლობს მოსწავლეებში, პედაგოგებსა და მშობლებში.
პროექტ „ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე სკოლა „ქორალში“ ასწავლის. იგი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2017 წლის ფინალისტი და 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელია.
ნათია ფურცელაძე ​Momsedu.ge-ს „ტელესკოლასა“ და ონლაინ სწავლებაზე ესაუბრა. მან ჩვენი საიტის მკითხველ მშობლებს საინტერესო რეკომენდაციებიც მისცა.
- „ტელესკოლის“ თქვენი გაკვეთილები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რა გამოწვევა იყო ეს პროექტი და როგორ შეაფასებთ მის მნიშვნელობას?
- როდესაც ასეთი ვითარება შეიქმნა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი იყო, შექმნილიყო ისეთი თანასწორი გარემო, სადაც მთელი ქვეყნის მოსწავლეები მიიღებდნენ თანასწორ განათლებას. ვფიქრობ, რომ მიზანმა გაამართლა, რადგან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ქალაქსა თუ სოფელში, ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, დაესწროს ტელეგაკვეთილს.
- ტელეგაკვეთილზე ხშირად საუბრობთ მხატვრულ ლიტერატურაზე, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?
- ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. უმნიშვნელოვანესია ბავშვს მივცეთ არჩევანის უფლება. როდესაც უფროსს აქვს გზამკვლევის როლი, აუცილებელია, მან გაითვალისწინოს ბავშვის გემოვნება და ინტერესები, შესთავაზოს ისეთი წიგნები, რაც მას დააინტერესებს. ასევე დიდი ძალა აქვს ხმამაღლა კითხვას, თუ ბავშვი მცირეწლოვანია და კითხვა ჯერ არ იცის, მნიშვნელოვანია, მშობელმა ხმამაღლა უკითხოს წიგნები. რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, მე პირადად იმისათვის, რომ მოსწავლეები მეტად დავაინტერესო კითხვით, ვთავაზობ თამაშებს. მაგალითად, წაიკითხავენ წიგნს და ამის მიხედვით ვგეგმავ, ვიგონებ თამაშს, რაც არის შემეცნებითიც, ინტელექტუალურიც.
- საინტერესოა, როგორ გადაეწყვეთ დისტანციურ სწავლებაზე? როგორ ატარებთ ონლაინ გაკვეთილებს?
- მეც და ჩემმა კოლეგებმაც პირველივე დღიდან ავუწყვეთ ფეხი დისტანციურ სწავლებას, იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ არ ვიცოდით, მაგალითად, ამა თუ იმ პროგრამით სარგებლობა, ძალ-ღონე არ დავიშურეთ და მალევე ავითვისეთ. Სირთულე, როგორც ასეთი, არ შეგვქმნია, უბრალოდ, ქვეყნის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად ვფიქრობთ, მეც და ჩემი კოლეგებიც იმ მოსწავლეებზე, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, ცხადია, მსგავსი მოსწავლეები შეფერხდებიან, ამიტომაც მხოლოდ ჩემი მაგალითით ვერ ვიმსჯელებ.

- დისტანციური სწავლების დროს როგორ ამოწმებთ, რამდენად კარგად აითვისა მოსწავლემ მასალა?
- ონლაინ გაკვეთილის პერიოდში ვცდილობ, ისეთი დავალებები მოვიფიქრო, რაც იქნება უფრო პრაქტიკული, შემდეგ ელექტრონულად მიგზავნიან, ვკითხულობ და უკუკავშირს ვაწვდი. ბავშვების გამოგზავნილი დავალებები მაჩვენებს, როგორი შედეგი გვაქვს. რაც შეეხება „ტელესკოლას“, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება აღმოჩნდა, რომ საქართველოს არაერთი კუთხიდან მივიღე დავალებები, „ტელესკოლისთვის“ რამდენიმე მოსწავლემ მოინდომა დახატვა, ცხადია, ეს არ კმარა შესაფასებლად, მაგრამ დრო გვიჩვენებს შედეგებს. ჩემი მიზანია, გაკვეთილებმა ბავშვებს გაუჩინოს კითხვის სურვილი, მოუნდეთ, რომ ყოველდღიურობა მეტად საინტერესო გახადონ და, რაც მთავარია, კრიტიკულად იაზროვნონ. 

- ასევე საინტერესოა თქვენი მოსაზრება საკითხზე, რა ფორმით მოვუწოდოთ შვილებს მეცადინეობისკენ? თქვენ როგორ აკეთებთ ამას როგორც მასწავლებელი და როგორც მშობელი. 

- აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სურვილი, მაგალითად, მე როგორც მშობელი, ვიტყოდი, რომ ძალიან მეხმარება თამაშით სწავლის მეთოდი და ყველა მშობელს ვურჩევ, მოიგონონ თამაშები, ბავშვი ასე მეტად დაინტერესებული და მონდომებული იქნება. ამ შემთხვევაშიც მთავარია კომუნიკაცია, რა ფორმით მოვუწოდებთ ბავშვებს სწავლისაკენ და როგორ ვესაუბრებით.

- დაბოლოს, რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს, როგორ შეუწყონ შვილებს ხელი განვითარებაში? რაზე გააკეთონ აქცენტები?

- გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მშობელი და ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გავითვალისწინოთ ბავშვის მდგომარეობა, შესაძლებლობები, ინტერესები და საჭიროებები. ამასთან ერთად, საჭიროა გამოცდილების გაზიარება. მაგალითად, თუ ბავშვს უნდა დიდი დროის არამიზნობრივად გამოყენება, პერსპექტივაში დავანახოთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის ასეთ ქმედებას, ამის შემდეგ მას დავუტოვოთ არჩევანის უფლება, რათა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა.

ავტორი: სოფიო შავაძე

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. Მოიწონეთ გვერდი მზრუნველი დედე​ბი

შეიძლება დაინტერესდეთ

2020 წლის გამოცდების რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

2020 წლის გამოცდების რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.

აქვე გაცნობებთ, რომ თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს. სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი.

წაიკითხეთ სრულად