Baby Bag

​ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა

​ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

​ბრძანებაში აისახა გუშინ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე წარმოდგენილი მოსწავლის წლიური შეფასების განხორციელების წესი.

ბრძანების თანახმად:

1. მოსწავლის წლიური შეფასება შეიძლება იყოს: განმსაზღვრელი და განმავითარებელი (დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე 31-ე მუხლით გათვალისწინებულის შესაბამისი).

2. განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის სასწავლო წლის განმავლობაში განვლილ საგანმანათლებლო პროცესს. ახასიათებს მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ასაბუთებს თუ რის გაგება, გააზრება გაუჭირდა მოსწავლეს და რატომ, წაახალისებს მოსწავლის ძლიერ მხარეებს და გაწერს რეკომენდაციებს, სასურველი შედეგის მისაღწევად. დასახავს მომდევნო სასწავლო წელს განსახორციელებელ ღონისძიებებს, აქტივობებს და სხვა. შემუშავებული განმავითარებელი შეფასება, მასწავლებელს მომდევნო სასწავლო წელს თითოეული მოსწავლისთვის ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის და წარმართვის შესაძლებლობას მისცემს. შეფასების დოკუმენტი მასწავლებელმა მოსწავლის მშობელს/ კანონიერ წარმომადგენელს უნდა გააცნოს და საჭიროების შემთხვევაში მასთან/მათთან ინდივიდუალურად მოხდეს დოკუმენტის განხილვა.

​3. განმავითარებელი შეფასების პროცესში ფასდება მოსწავლის როგორც საკლასო ოთახში მიღებული გამოცდილება, ისე დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა, მასალა, სასკოლო აქტივობები, განხორციელებული პროექტები და სხვა.

​4. განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის მიზნით მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვროს:

​ა) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში მიღებული ქულა;

​ბ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ქულის და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

​გ) V კლასის II სემესტრის შემთხვევაში - 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

​დ) (იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არ აქვს) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით ან 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრში დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

​შენიშვნა: სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლის შეფასებისას სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ რომელ შესაძლებლობას გამოიყენებს. სამინისტრო და რესურსცენტრები მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევენ სკოლებს.

​5. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლისათვის (გარდა XII კლასის მოსწავლე) ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულა არ არის დამაკმაყოფილებელი და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

​ა) მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 2020 წლის 16 ივნისიდან - 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის/ნიშნების ამაღლების სურვილს.

​ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში კონკრეტული საგნების მიხედვით განსაზღვრავს შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შესრულების და შეფასების ვადებს. თითოეული საგნის მასწავლებელი მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე იწყებს მოსწავლისთვის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების მომზადებას. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და კონსულტაცია გაუწიოს მიცემული დავალების მომზადების პროცესში.

​გ) მოსწავლის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შეფასება მასწავლებელმა უნდა მოახდინოს 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრის სემესტრული ქულის დაწერამდე.

​დ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.

​6. თუ IX კლასის იმ მოსწავლეს, რომელიც ასრულებეს სავალდებულო საბაზო საფეხურს და გადის ზოგადი განათლების სისტემიდან, ამ მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებს და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

​ა) 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

​ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ.

​გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.

​7. იმ შემთხვევაში, თუ XII კლასის მოსწავლისათვის, ამ წესის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულა არ არის დამაკმაყოფილებელი და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

​ა) 2020 წლის 21 მაისიდან 2020 წლის 29 მაისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

​ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

​გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ წესის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

​8. გამოცდები, რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის 36-ე მუხლის მე-9 პუნქტით (გარდა ექსტერნატის გამოცდისა) და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 2019-2020 სასწავლო წელს გაუქმდება; კერძო სკოლები და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით და ირჩევენ გამოცდის ჩატარების ფორმას.

​9. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის N132 ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული XII კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ფორმატი და ექსტერნად რეგისტრაციის/გამოცდების ჩატარებისთვის დადგენილი ვადები დაზუსტდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისად.

​10. მოსწავლეს, რომლმაც 2019-2020 სასწავლო წელს ექსტერნატის ფორმით დაძლიეს კლასი/კლასების გამოცდა/გამოცდები უნარჩუნდებათ მიღებული შეფასება.

​11. მოსწავლეს, რომელმაც უცხოეთში სწავლის პერიოდში მიიღო ზოგადი განათლება და ვერ ადასტურებს უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტს ან უცხოეთში სწავლის პერიოდში ნასწავლი საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების შესაბამისობა არ იქნა დადგენილი „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების შესაბამისად, წლიური ქულის გამოყვანის მიზნით:

​ა) უნდა აღუდგეთ მოსწავლის სტატუსი;

​ბ) მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, დისტანციური ფორმით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა გაიაროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი კლასის საგნები;

​გ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს ორ შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;


​დ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებებში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხელოვნება სკოლაში“ - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

„ხელოვნება სკოლაში“ - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ეროვნულ მუზეუმში პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში:

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ სკოლებში განათლების ხარისხის ზრდის მიმართულებით და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ პროექტში უკვე ჩაერთო ათასობით ბავშვი. სექტემბრიდან ვემზადებით ძალიან აქტიურად, რომ ამ ინიციატივაში 10 ათასობით მოსწავლე ჩაერთოს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პროექტის წარდგენისას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. 

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. პროექტი განათლების რეფორმის - „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.

პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის შეირჩა ისეთი სამუზეუმო ექსპონატები, როგორებიცაა: უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, შუა საუკუნეების უმდიდრესი მემკვიდრეობა და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები. პროგრამა სამ მუზეუმში განხორციელდება: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში ღია ცის ქვეშ. პროგრამის განხორციელება მაისიდან საპილოტე რეჟიმში დაიწყო და მასში მონაწილეობა უკვე თბილისის სხვადასხვა სკოლის VII-XI კლასის 808 მოსწავლემ მიიღო.

პროგრამა - „სკოლა თეატრში“ ითვალისწინებს საქართველოს წამყვანი თეატრების რეპერტუარიდან მოსწავლეთათვის ისეთი სპექტაკლების ჩვენებას, რომლებიც ახლოსაა მათ სასწავლო პროგრამასთან. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სცენის მიღმა მიმდინარე პროცესებს, სპექტაკლის შემდეგ გაეცნონ მსახიობებს, შექმნან სპექტაკლის შესახებ რეცენზიები. მაისიდან პროგრამა საპილოტე რეჟიმში კოტე მარჯანიშვილის, ქუთაისის ლადო მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის თეატრებში ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 4000-მდე მოსწავლემ მიიღო.

პროგრამა „კინო სკოლაში“ კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. სკოლებში კვირაში ერთხელ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმება, რომლის დროსაც მოსწავლეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას კინემატოგრაფიის შესახებ და ნახავენ სპეციალურად შერჩეულ ქართულ და უცხოურ ფილმებს. ჩვენების ბოლოს მოეწყობა დისკუსია. ჩვენებების ორგანიზებასა და სკოლებში კვალიფიციური კინოსპეციალისტების მივლენას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

წაიკითხეთ სრულად