Baby Bag

„ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს... არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ... არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით“

„ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს... არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ... არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით“

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე წერს.

„ყოფილი მოსწავლე არ არსებობს.

დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, - შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოხლეს დაატარებდა, - სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც; უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი; გულით რომ მდომოდა ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი ისეთი პასუხისმგებლიანი იყო; ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, - ენა არ მომიბრუნდებოდა; ღიმილს საგზალივით დაატარებდა, - სულ მომღერალი და მოცეკვავე...

არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს;
აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა...
არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია...
არც მკვლელისთვის...
„ჭირი მართალსო“ - აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო...
დღეს მე, მოგებული რომ მეგონა ის ომი წავაგე - მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.

ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო...
არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ:
ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს...
არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ...
არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით...
დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს - დამარცხებულები ვართ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას აბიტურიენტები პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ბარათის ამოსაბეჭდად აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით შედის ვებგვერდზე online.naec.ge. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“.

ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად