ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ - განათლების სამინისტრო
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება.
როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სწავლის დასაწყებად არაერთი ღონისძიება გატარდა. სკოლაში დაბრუნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით განახლდა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტესტირება, ხოლო შენობებს ჩაუტარდა დეზინფექცია. ამასთანავე, თბილისსა და რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.
კოვიდინფიცირებულთა გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ. კერძოდ, საჯარო და კერძო სკოლებში სრულფასოვნად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. თითოეული სკოლა აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით და გაძლიერებულია სკოლაში უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი.
სწავლის განახლებასთან ერთად, სამინისტროს მხრიდან საზედამხედველო კონტროლი კვლავ გამკაცრდება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი.
როგორც უქმეებამდე, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე - https://online.emis.ge.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.