ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს“ - პრემიერ-მინისტრი
„ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„კვლავ დიდ ყურადღებას დავუთმობთ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო ათი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს, უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მილიონი ლარი გახდება, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი - 243 მილიონი ლარი, პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მილიონ ლარს მიაღწევს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.