ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
,,მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს, დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი შეადგენს 1230 ლარს''
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებზე და პედაგოგთა ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის და მას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება, რაც აუცილებლად აისახება ახალ სახელფასო პოლიტიკაში. დღეს სწორედ ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი და პედაგოგების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად გრძელდება ახალ ინიციატივებზე მუშაობა.
გიორგი ამილახვარი: „2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.
2012 წლამდე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს‘‘.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ყოველწლიურად გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიით 11 პედაგოგი დაჯილდოვდა.