Baby Bag

​იგეგმება თუ არა ცვლილებები საატესტატო გამოცდებზე - Naec-ის პასუხი

​იგეგმება თუ არა ცვლილებები საატესტატო გამოცდებზე - Naec-ის პასუხი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცვლილება არ იგეგმება. მათივე განმარტებით, ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის თაობაზე, საზოგადოება წინასწარ შეიტყობს.

როგორც Naec-ის დირექტორმა, სოფო გორგოძემ რამდენიმე დღის წინ  ​განაცხადა, ყველა ცვლილება, რომელიც საგამოცდო სისტემას შეეხება, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება და გადაწყვეტილების მიღებისთანავე გახდება საზოგადოებისთვის  ცნობილი.
„ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, მათ შორის არის, არსებული სისტემის კვლევა და ანალიზი. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლები - ყველა დაინტერესებული მხარე. არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონკრეტული სიახლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება ოფიციალური საშუალებებით. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.