„2020 წლიდან კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და გარე დაკვირვებას მასწავლებლის რეგულირების წესი ჩაანაცვლებს,“ - აღნიშულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ
„ახალ განათლებასთან“
ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებლობის მსურველებს და მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ მდგომარეობა, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო პროფესიულ საჭიროებას სკოლა დაადგენს:
„2020 წლიდან აღარ იარსებებს აღარც კრედიტქულების დაგროვების სისტემა და აღარც გარე დაკვირვება. მას ჩაანაცვლებს მასწავლებლის რეგულირების წესი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლობის მსურველებს და მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ მდგომარეობა, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო პროფესიულ საჭიროებას სკოლა დაადგენს. მასწავლებელი პროფესიული საჭიროებისთვის გაივლის რამდენიმე ტრენინგს, ოღონდ ამაში კრედიტქულებს აღარ მიიღებს.
მასწავლებლის პროფესიულ საჭიროებას დაადგენს სკოლის ხარისხის განვითარებისა და თანამშრომლობის ჯგუფი — სკოლაზე იქნება დამოკიდებული იმის გარკვევა, თუ რა საჭიროება აქვს პედაგოგს პროფესიული განვითარებისთვის. ვფიქრობთ, პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მეტი საათი უნდა გაიაროს პროფესიული განვითარებისთვის, უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა, შესაბამისად, ნაკლები. თუმცა, რაღაც ფორმით პროფესიული განვითარება ყველამ უნდა გაიაროს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება სასკოლო პრაქტიკის კვლევაზე. რადგან ბევრი სიახლე იგეგმება ინკლუზიურ განათლებაში, ჩვენი პოზიციაა, მასწავლებლები გადაემზადონ ამ მიმართულებით, ასევე, სასკოლო უსაფრთხოებასა და პროფესიულ უნარებში. პროფესიული გადამზადება მუდმივად საჭიროა, მაგრამ მასწავლებლებლებზე აღარ იქნება ზეწოლა, რომ დააგროვონ კრედიტები. რაც შეეხება საფეხურებრივ წინსვლას, გამოცდით განხორციელდება. ვმუშაობთ გამოცდის ასეთ ტიპზე: მაგალითად, ვარ უფროსი მასწავლებელი და მინდა გავხდე წამყვანი ან მენტორი. ამისთვის მომიწევს პროფესიული უნარების რთული კატეგორიის ტესტის ჩაბარება. პროფესიულ უნარებში ტესტი რამდენიმე კატეგორიად დაიყოფა, საგნის გამოცდა კი ერთი ტიპის იქნება. საგანში საშუალო ბარიერად განისაზღვრება 50 პროცენტი, იგივე ბარიერი დაწესდება პროფესიულ უნარებშიც.
ახალი წესის მიხედვით, გვექნება ორი გამოცდა: საგნის კომპეტენციის დადასტურება და პროფესიული უნარები. პროფესიულ უნარებში სამი ტიპის გამოცდა იგეგმება — პირობითად, I -II -III კატეგორიის. რომელ კატეგორიასაც ჩააბარებს მასწავლებელი, იმ კატეგორიის შესაბამის სტატუსს მიიღებს. მაგალითად, თუ უფროსი მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ გახდეს პირდაპირ მენტორი და აღარ სურს წამყვანი მასწავლებლობა, ის აირჩევს მენტორისთვის განკუთვნილ ტესტს და აღარ მოუწევს ლოდინი, რომ ჯერ გახდეს წამყვანი და შემდეგ მენტორი,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
წაიკითხეთ სრულად