Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

სიახლე მასწავლებლებისთვის - Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, Microsoft-თან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი, და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსიც, რომელსაც ეტაპობრივად დაემატება გაკვეთილებისა და კურსების ახალი, ნათარგმნი ვიდეოები. გარდა ამისა, მიმდინარეობს Teams-ის ქართულ ვერსიაში ინტერაქტიული ქართულენოვანი Chat-Bot-ისა და ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება.

„Microsoft Teams-ის ქართული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია 55 000-მდე მასწავლებლისა და 600 000-ზე მეტი მოსწავლისთვის.

Teams-ის პროგრამაში ასევე ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პორტალი - www.el.ge, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს პედაგოგებს აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას.

სამინისტრო მაქსიმალურად აძლიერებს დისტანციური სწავლების მეთოდებზე მუშაობას. საქართველოში Covid-19-ის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესს უმაღლესი შეფასება მისცეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა OECD და იუნისეფი,“ - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს

მასწავლებლის სახლი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს

მასწავლებლის სახლი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ითვალისწინებს :

- ინგლისური ენის მასწავლებლების პროექტებზე დაფუძნებული სწავლების უნარების გაღრმავებასა და საკლასო პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას;

- მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას, მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების ( გუნდური მუშაობა, ანალიზი, კვლევა, ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება ა.შ.) განვითარებას, საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

- გლობალური საკითხების ინტეგრირებას შემოქმედებით საგაკვეთილო პროცესში, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, სამოქალაქო უფლებები, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სიღარიბე, განათლება და ა.შ

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგკურსი „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე“ (2018- 2019 წლებში).

მასწავლებელი კონკურსისათვის ბრიტანეთის საბჭოში წარმოადგენს ტრენინგის მასალების მიხედვით განხორციელებული პროექტის:

  • გეგმას, ყველა გამოყენებულ რესურსთან ერთად ( საგაკვეთილო გეგმები, ელექტრონული რესურსების ლინკები და ა.შ).
  • პრეზენტაციას, რომელიც ნათლად უნდა ასახავდეს პროექტის შეფასების რუბრიკებთან შესაბამისობას ( შესაძლოა გამოყენებული იყოს აუდიო, ვიდეო, ფოტოები ა.შ).
  • მოსწავლეთა ჯგუფის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი.

შენიშვნა: მასწავლებელთა და მოსწავლეთა პრეზენტაციებს თან უნდა ახლდეს შესაბამისი კომენტარები.

კონკურსისათვის წარმოდგენილი პროექტები შეფასდება დანართი N1- ში მოცემული პროექტის შეფასების რუბრიკის მიხედვით.

პროექტების ბრიტანეთის საბჭოში წარდგენის საბოლოო ვადაა: 2020 წლის 31 იანვარი.

კონკურსის დოკუმენტაცია და პრეზენტაციები დარეგისტრირებულმა მასწავლებლებმა WeTransfer – ის მეშვეობით უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected], სათაურით- ‘PBL Competition Entry’.

კონკურსის ფინალისტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „ სწავლება წარმატებისათვის, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა“ ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგ კურსი „ თემატური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის გამოყენებით“.

სარეგისტრაციო ლინკი: ​კონკურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

დანართი N1

წაიკითხეთ სრულად