Baby Bag

​უნდა გაიხსნას თუ არა სასწავლო დაწესებულებები სექტემბერში? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

​უნდა გაიხსნას თუ არა სასწავლო დაწესებულებები სექტემბერში? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

უნდა გაიხსნას თუ არა სასწავლო დაწესებულებები სექტემბერში? - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ამის ახლა, ამ ეტაპზე, დაგეგმვა შეუძლებელია. წინ კიდევ სამი თვეა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში როგორი იქნება, ეს არავინ იცის. თუმცა, თუ მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდა, რა თქმა უნდა, უნდა გაიხსნას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები კოვიდ პანდემიის პერიოდში სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან და მოსწავლეების/სტუდენტების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციებზე და არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია, გავითვალისწინოთ შემდეგი:

1) სასწავლო დაწესებულებები მაქსიმალურად უნდა იყოს აღჭურვილი სადეზინფექციო საშუალებებით. შესასვლელებში ყველგან უნდა იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო სითხე.

2) რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის დაბანის და გამშრალებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში/ბაღებში/უნივერსიტეტებში ტუალეტები ხშირად ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ, ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კორონავირუსის გარეშეც სასიცოცხლოდ აუცილებელია სხვა, უამრავი ინფექციური დაავადების პრევენციისთვის, რაც ასე ხშირია ჩვენს ბავშვებში.

3) რეგულარულად უნდა მოხდეს ზედაპირების დეზინფექცია (რასაც რეალური მნიშვნელობა ექნება, როცა სკოლები გაიხსნება. თორემ ჩვენთან ეს ცოტა უცნაურად მოხდა - დეზინფექცია ჩაუტარდა სასწავლო დაწესებულებებს მათი დაკეტვის შემდეგ, როცა იქ ბავშვები აღარ იყვნენ და ამას, ცხადია, არავითარი აზრი არ ჰქონდა).

4) მთავარ რეკომენდაციად აქაც რჩება დისტანციის დაცვა, მერხებს შორის მანძილი მინიმუმ 1 მეტრი.

5) ასევე შესაძლებლობის ფარგლებში ცვლების შემოღება, რომ მოსწავლეების რაოდენობა დროის ერთ მონაკვეთში ნაკლები იყოს და დისტანციის დაცვა უფრო გაადვილდეს. ჩვენთან ამ მხრივ შესაძლებელია ინდივიდუალური მიდგომები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებისათვის. თუ სასწავლო დაწესებულება პატარაა და სტუდენტების/მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, მაშინ უფრო ადვილად იქნება შესაძლებელი ამუშავება. ეს ხშირია ჩვენს სოფლებში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების სკოლებში დაბრუნება, რადგან ინტერნეტი და კომპიუტერები სახლებში უფრო მეტად არის პრობლემა, ვიდრე ქალაქის მოსახლეობაში. ამიტომ სოფლების ნაწილში ბევრად ადვილი იქნება სკოლების გახსნა. თანაც, სავარაუდოდ, ეს ბავშვები, ალბათ მაინც კონტაქტში არიან ერთმანეთთან.

6) ჯანმოს ამავე დოკუმენტში ერთ-ერთი რჩევაა, მაგალითად, კაფეტერიების ამუშავებისგან თავის შეკავება, სადაც უფრო მეტი რისკია ინფექციის გადაცემის, ვიდრე კლასში. გვირჩევენ, ბავშვებმა სახლიდან წამოღებული საკვები მიიღონ კლასშივე, მერხებზე.

7) ასევე, ის სკოლები, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა საკლასო ოთახში გადადიან სხვადასხვა გაკვეთილზე, გადავიდნენ ერთ ოთახში დარჩენის რეჟიმზე, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს შორის კონტაქტი შემცირდეს. იმავეს გათვალისწინება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთისაც არ იქნებოდა ურიგო.

8) განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ბავშვების მშობლებმა/მასწავლებლებმა, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გამო გართულებების მაღალი რისკი აქვთ.

9) ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე, რომ ბავშვების სკოლაში მოყვანასა და წაყვანაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ ხანდაზმული ბებია/ბაბუები, რომ ნაკლებად შევიდნენ კონტაქტში არა მხოლოდ თავიანთ, არამედ სხვა ბავშვებთანაც. ზოგადად, ხანდაზმულებთან კონტაქტის შემცირება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ღონისძიებაა.

10) თუ სკოლას ტრანსპორტი ემსახურება, ბავშვებს შორის დისტანცია აქაც დაცული უნდა იყოს. ამისთვის შესაძლოა, ტრანსპორტის დამატება გახდეს საჭირო.

11) თერმოსკრინინგი სასწავლო დაწესებულებებშიც აქტუალურია.

12) ჯანმო ასევე გვირჩევს, რომ სასწავლო დაწესებულებებმა გააუქმონ ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის მოთხოვნა, რათა ამან ხელი არ შეუწყოს შეუძლოდ მყოფი მოსწავლის/სტუდენტის გამოცხადებას.

13) ოთახები მაქსიმალურად ხშირად განიავდეს.

14) თუ სკოლას ამის საშუალება აქვს, სტიმული მიეცეს გაკვეთილების ჩატარებას გარეთ, ღია სივრცეში.

15) შემცირდეს სოციალური და სპორტული აქტივობები (ეს რისკი ჩვენს მოსწავლეებს მაინც ნაკლებად აქვთ, სპორტის გაკვეთილები ისედაც დიდი ხანია შემცირდა/გაუქმდა).

16) რა თქმა უნდა, საჭიროებისამებრ ისევ იქნას გამოყენებული ონლაინ გაკვეთილების სისტემა. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში, ადგილზე ატარებენ ლაბორატორიულ/სადემონსტრაციო ტიპის გაკვეთილებს, ხოლო თეორიულს ისევ ონლაინ.

- ყველა შემთხვევაში, ინდივიდუალური მიდგომა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინება აუცილებელია.

- არ უნდა გავიმარტივოთ საქმე და ხელაღებით განვაცხადოთ, რომ ყველა მოსწალე/სტუდენტი დარჩეს სახლში და ისწავლოს ონლაინ. ხანგრძლივად ეს შეუძლებელია და მძიმე გავლენა ექნება როგორც სწავლის ხარისხზე, ასევე ბავშვების/ახალგაზრდების ფსიქიკაზე. მგონი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ონლაინ სწავლება მკვეთრად აუარესებს ხარისხს.

- ამ ზომების გათვალისწინება ძალიან გამოადგება სხვა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკასაც, განსაკუთრებით, გრიპის, რომელიც (რაც არ უნდა აღიზიანებდეს ზოგიერთს ეს შედარება), ბავშვებში გაცილებით უფრო მძიმე შედეგებს იძლევა, ვიდრე კორონავირუსი. ამ ვირუსთან დაკავშირებით ბავშვებში ინფექციის პროფილაქტიკის მთავარი მიზანი მაინც არის ხანდაზმულ უფროსებზე კორონავირუსის გადადების თავიდან აცილების მცდელობა და ეს ნამდვილად სერიოზული მიზანია,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

-ps-5292-pe-

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლის განმარტება (პრაქტიკოს მასწავლებლებზე) პრემიერ-მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით

მასწავლებლის სახლის განმარტება (პრაქტიკოს მასწავლებლებზე) პრემიერ-მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით
მასწავლებლის სახლის განცხადება პრემიერ-მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით:

,,მასწავლებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ 2021 წლის 27 ივლისის საქართველოს მთავრობის #379 დადგენილებას „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ ​საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების მიხედვით, სისტემაში დარჩენილ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ, ვინც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით იყვნენ დარეგისტრირებულნი საგნობრივი და/ან პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე) მიეცათ 2021 წლის ზაფხულის გამოცდების შედეგებისა (რომლის შედეგიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნდება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე) და, უკვე მათთვის შეთავაზებული 5 კრედიტიანი ტრენინგების შედეგების გათვალისწინებით, 19 კრედიტქულის შევსებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.

გამოცდის შედეგების მიხედვით, მასწავლებლებს eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახებათ უკეთესი შედეგი, რაც ნიშნავს, რომ თუ მასწავლებელს ჩაბარებული ჰქონდა გამოცდა 1 კრედიტზე და გადაბარების შემთხვევაში მიიღებს 4 ან 7 ან 10 კრედიტს, მას eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი. თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის ეს შედეგი.

იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა, აცხადებს კონკურსს,'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

იხილეთ მინისტრის ბრძანება - პრემიერ-მინისტრის ბრძანება


წაიკითხეთ სრულად