წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ორიგინალურად აღნიშნეს. პანდემიის გამო ზეიმმა სასკოლო დარბაზიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა. ვიდეოს სკოლა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„ამბობენ, ყველაზე დასამახსოვრებელი სკოლაში შენი პირველი კლასი და ყველაზე დაუვიწყარი ბოლო კლასი არისო. ჩვენს ყველაზე პატარა გიმნაზიელებს ჩაფიქრებული ჰქონდათ ულამაზესი საღამო, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალათ. მაგრამ, როდესაც რაღაცის გაკეთებას მთელი გულით დაგეგმავ, წინ ვეღარაფერი გადაგეღობება. სწორედ ასეთი წინსვლის და მიზნის მიღწევის დიდმა სურვილმა გააერთიანა მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ნატო მელქაძე და საბოლოოდ მათ შეძლეს ეჩუქებინათ ულამაზესი ვიდეო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირებით.
ძალიან დიდი მადლობა მათ დაუღალავ დამრიგებელს და გამრჯე ბავშვებს. წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ. დაე, ყველა თქვენი ნატვრისა და ოცნებისათვის შეძლოთ ფრთების შესხმა,“ - წერია სკოლის მიერ გავრცელებული ვიდეოს აღწერაში.