Baby Bag

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში საინტერესო ექპერიმენტის შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ. თან გავაფრთხილე, რომ ქვის სროლა ძალიან რთული დავალება იქნებოდა. ბევრი იცინეს და ბევრი ქვის სროლაც მოასწრეს უმისამართოდ, სანამ მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდოდი და სამიზნეს დავუდგამდი. მათ სამიზნედ ოთკუთხედ ჩარჩოზე გადაჭიმული სიფრიფანა ქაღალდი დავუდე. პირველად ერთი ქვა უნდა მოეძებნათ და სამიზნისთვის ესროლათ. ესროლეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაარტყა. ახლა ორი ქვის სროლის ნება მივეცი, მაგრამ ვერც ახლა მოახერხეს, თუმცა რამდენიმეს ცოტა დააკლდა. იმ დღეს ხუთ ქვაზე ავედით და მხოლოდ ერთმა გაარტყა, ისიც ჩარჩოს და ქაღალდი უვნებელი დარჩა. მაშინ მათ ვუთხარი, რომ, როცა ქვების უმისამართოდ სროლა ძალიან ადვილი იყო მათთვის, მაგრამ როგორც კი სამიზნე გამოჩნდა, ყველაფერი გართულდა.

როცა მარტო ცოდნისთვის ასწავლი, უბრალოდ წაკითხული, დაზეპირებული მეორე დღეს ისევ მოგიყვეს, ეს ძალიან ადვილია და უმისამართოდ ქვის სროლას ჰგავს და მაგრამ, როცა იმას ასწავლი, თუ როგორ და რისთვის ისწავლოს, სამიზნის მათ წინ დადების ტოლფასია, რომელიც არ გასვენებს, სანამ ქვას არ გაარტყამ.

როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, სამიზნე დადებული მქონდა და ვიცოდი, რისთვის მესროლა. ჰოდა, ნურავის გაუკვირდება, ამდენი წლის შემდეგ რომ გავარტყი. მე ხომ ბევრი ვიმუშავე ამისთვის“, - წერს ლადო აფხაზავა.


შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დაიწყება 2020 წლის მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია

როდის დაიწყება 2020 წლის მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია

2020 წლის მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია თვის  ბოლომდე დაიწყება, ამ ეტაპზე თარიღი დაზუსტებული არ არის, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.

რაც შეეხება გამოცდების ფორმატს, როგორც ცენტრში აღნიშნავენ, გამოცდების ფორმატი არ შეცვლილა. 

ცნობისთვის, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ ​momsedu.ge-სთან ინტერვიუში დააანონსა, ​ცვლილება შეეხება მხოლოდ გამოცდაზე ქულის შენარჩუნებას:

„წინა სქემის მიხედვით, თუ მასწავლებელი ერთი და იმავე საგანში ორჯერ გავიდოდა გამოცდაზე, ადრინდელი შედეგი უქმდებოდა. ახალი რეგულაციით, თუ მასწავლებელმა მეორედ ჩააბარა გამოცდა, წინა გამოცდის ქულა არ დაეკარგება. პედაგოგს არჩევანის საშუალება მივეცით, რომელ გამოცდაზეც უკეთესი შედეგი ექნება, ის დარჩება“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

მისივე ცნობით, 2020 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე ​1, 4, 7 კრედიტქულა ისევ რჩება პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის.

იხილეთ ​2020 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროგრამები

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
წაიკითხეთ სრულად