Baby Bag

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში საინტერესო ექპერიმენტის შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ. თან გავაფრთხილე, რომ ქვის სროლა ძალიან რთული დავალება იქნებოდა. ბევრი იცინეს და ბევრი ქვის სროლაც მოასწრეს უმისამართოდ, სანამ მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდოდი და სამიზნეს დავუდგამდი. მათ სამიზნედ ოთკუთხედ ჩარჩოზე გადაჭიმული სიფრიფანა ქაღალდი დავუდე. პირველად ერთი ქვა უნდა მოეძებნათ და სამიზნისთვის ესროლათ. ესროლეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაარტყა. ახლა ორი ქვის სროლის ნება მივეცი, მაგრამ ვერც ახლა მოახერხეს, თუმცა რამდენიმეს ცოტა დააკლდა. იმ დღეს ხუთ ქვაზე ავედით და მხოლოდ ერთმა გაარტყა, ისიც ჩარჩოს და ქაღალდი უვნებელი დარჩა. მაშინ მათ ვუთხარი, რომ, როცა ქვების უმისამართოდ სროლა ძალიან ადვილი იყო მათთვის, მაგრამ როგორც კი სამიზნე გამოჩნდა, ყველაფერი გართულდა.

როცა მარტო ცოდნისთვის ასწავლი, უბრალოდ წაკითხული, დაზეპირებული მეორე დღეს ისევ მოგიყვეს, ეს ძალიან ადვილია და უმისამართოდ ქვის სროლას ჰგავს და მაგრამ, როცა იმას ასწავლი, თუ როგორ და რისთვის ისწავლოს, სამიზნის მათ წინ დადების ტოლფასია, რომელიც არ გასვენებს, სანამ ქვას არ გაარტყამ.

როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, სამიზნე დადებული მქონდა და ვიცოდი, რისთვის მესროლა. ჰოდა, ნურავის გაუკვირდება, ამდენი წლის შემდეგ რომ გავარტყი. მე ხომ ბევრი ვიმუშავე ამისთვის“, - წერს ლადო აფხაზავა.


შეიძლება დაინტერესდეთ

„განა ყველაფერი გვინდა რასაც სკოლაში გვასწავლიან? - ბავშვები ხშირად მართლები არიან და ჩვენს უაზრობებს ებრძვიან...“

„განა ყველაფერი გვინდა რასაც სკოლაში გვასწავლიან? - ბავშვები ხშირად მართლები არიან და ჩვენს უაზრობებს ებრძვიან...“

„არის ასეთი კანონი, სულიერი ერთობის, როდესაც მე ჩემი სიბრძნით შევდივარ ბავშვის ცხოვრებში, ვგრძნობ, რა უნდა მას და ნაწილობრივ ვეთანხმები მის მისწრაფებებს.

მე თუ დავეთანხმები მის მისწრაფებებს, ჩემმა და მისმა სურვილებმა ერთმანეთი გადაკვეთეს. ეს პატარა ნაწილი გადაკვეთის საკმარისია, რომ მე ბავშვი ჩემს გზაზე დავითანხმო. პედაგოგიური პროცესი სწორედ თანხმობებზე იგება.

შეუთახმდით ბავშვს წინასწარ, აი მაგალითად, საბავშვო ბაღის პერიოდი მოდის. წაიყვანეთ იქ ბავშვი, დაათვალიერებინეთ, უთხარით აი ბავშვები რა კარგად თამაშობენ. პირველ ხანებში, როდესაც მიიყვანთ საბავშვო ბაღში, იქ ახლოს უნდა იყოთ. ბავშვს თქვენთან განშორება უჭირს და სხვას უნდა შეეგუოს.

ბავშვს რამდენსაც დააძალებთ, იმდენ კონფლიქტში აღმოჩნდებით. ის ვერ გაიგებს, რათ უნდა მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია და მართლაც, განა ყველაფერი გვინდა რასაც სკოლაში გვასწავლიან? ბავშვები ხშირად მართლები არიან და ჩვენს უაზრობებს ებრძვიან და ჩვენ გვინდა, ეს უაზრობები გავიტანოთ მათთან ჭიდილში. ამიტომ თანხმობა გვინდა მათთან.

სულიერ ურთიერთობას რომ მოვნახვთ, მისი დობილი, ძმობილი რომ იქნები, აი ეს არის თანხმობა. შენ გაუხსნი გულს, ისიც იგივეს აკეთებს. შენ დამალავ რამეს, ხვალ ისიც იგივეს იზამს.

საბავშვო ბაღში ან სკოლაში რომ მიგყავს წვიმიან და ქარიან ამინდში, ბავშვი რომ აგიტყდება, არ მინდა ასე ჩაცმაო. მერე დედა ატეხავს, აბა ნახე რა ხდება გარეთ, თვალები არ გაქვსო? მას კი აი არ უნდა! არ გქონიათ ასეთი შემთხვევა? არადა თანხმობაა აქ მთავარი. აბა ჰკითხე, მოდი შვილო მანახე, რა ჩავიცვათ დღეს, როგორი ჩაცმული დადის ხალხი ქუჩაში. თვითონ დაინახავს და გირჩევს, დიდობა დაუკმაყოფილდა და შედგა თანხმობა.

ასეთი პატარა საიდუმლოებები ბევრია ჰუმანურ პედაგოგიკაში. თუ ამას გაყვები მოთმინებით, ბავშვი თვალსა და ხელს შუა გეზრდება სხვანაირი.“

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი

წყარო: არტარეა

წაიკითხეთ სრულად