Baby Bag

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში საინტერესო ექპერიმენტის შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ. თან გავაფრთხილე, რომ ქვის სროლა ძალიან რთული დავალება იქნებოდა. ბევრი იცინეს და ბევრი ქვის სროლაც მოასწრეს უმისამართოდ, სანამ მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდოდი და სამიზნეს დავუდგამდი. მათ სამიზნედ ოთკუთხედ ჩარჩოზე გადაჭიმული სიფრიფანა ქაღალდი დავუდე. პირველად ერთი ქვა უნდა მოეძებნათ და სამიზნისთვის ესროლათ. ესროლეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაარტყა. ახლა ორი ქვის სროლის ნება მივეცი, მაგრამ ვერც ახლა მოახერხეს, თუმცა რამდენიმეს ცოტა დააკლდა. იმ დღეს ხუთ ქვაზე ავედით და მხოლოდ ერთმა გაარტყა, ისიც ჩარჩოს და ქაღალდი უვნებელი დარჩა. მაშინ მათ ვუთხარი, რომ, როცა ქვების უმისამართოდ სროლა ძალიან ადვილი იყო მათთვის, მაგრამ როგორც კი სამიზნე გამოჩნდა, ყველაფერი გართულდა.

როცა მარტო ცოდნისთვის ასწავლი, უბრალოდ წაკითხული, დაზეპირებული მეორე დღეს ისევ მოგიყვეს, ეს ძალიან ადვილია და უმისამართოდ ქვის სროლას ჰგავს და მაგრამ, როცა იმას ასწავლი, თუ როგორ და რისთვის ისწავლოს, სამიზნის მათ წინ დადების ტოლფასია, რომელიც არ გასვენებს, სანამ ქვას არ გაარტყამ.

როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, სამიზნე დადებული მქონდა და ვიცოდი, რისთვის მესროლა. ჰოდა, ნურავის გაუკვირდება, ამდენი წლის შემდეგ რომ გავარტყი. მე ხომ ბევრი ვიმუშავე ამისთვის“, - წერს ლადო აფხაზავა.


შეიძლება დაინტერესდეთ

„კვალიფიციური პედაგოგი ხარისხიანი და ღირსეული ანაზღაურებით არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ რამდენიმე წლის შემდგომ პირველი შედეგები მივიღოთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში“

„კვალიფიციური პედაგოგი ხარისხიანი და ღირსეული ანაზღაურებით არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ რამდენიმე წლის შემდგომ პირველი შედეგები მივიღოთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო განათლებისა და ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობის კომპონენტს.

მისივე თქმით განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით:

„როდესაც ჩვენ განათლებასაც ვეხებით და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია, საკუთარი შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი და განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულება. ეს ვალდებულება რა თქმა უნდა, იწყება განათლების უფლებით, ამიტომ განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ადამიანური კაპიტალის სწორი მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს, გლობალური კონკურენციის პირობებში, მომავალი თაობა აღვჭურვოთ ისეთი ცოდნით, რომლითაც ისინი შეძლებენ, კონკურენცია გაუწიონ ადამიანებს საერთაშორისო, გლობალურ ბაზრებზე და იყვნენ წარმატებულები.

მისივე შეფასებით, ეს არის განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის ძირითადი ფუნდამენტი საშუალო განათლებაა, ხოლო საშუალო განათლების ცენტრალური ნაწილი პედაგოგები არიან.

„კვალიფიციური პედაგოგი ხარისხიანი და ღირსეული ანაზღაურებით არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ რამდენიმე წლის შემდგომ პირველი შედეგები მივიღოთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში. რაც შეეხება პროფესიული განათლების ნაწილს, აქ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფ შედეგებზე ავიღოთ ორიენტირი, რამეთუ უფრო სწრაფად შეიძლება იქ ინვესტირებული რესურსის შედეგის დანახვა. აქ ძირითადი ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნის და პროფესიული განათლების სისტემის მიერ გამოშვებული კადრების ერთმანეთთან თანხვედრა და ამ კუთხით მიღწეულია სერიოზული პროგრესი. უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება პირდაპირ იყოს დაერთებული საერთაშორისო და პირველ რიგში ევროპული უმაღლესი განათლების სისტემას. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, კერძო ინვესტიციების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმალურად მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად