სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა, მსჯელობენ სიტყვა „ერთ-ერთის“ მართლწერის შესახებ. დაბნეულობა გამოიწვია „საჯარო მოხელის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ ელექტრონულ ვერსიაში გაპარულმა ტექნიკურმა ხარვეზმა, სადაც სიტყვა ერთად, უდეფისოდ წერია. ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი თიკო ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბეჭდურ ვერსიაში სიტყვა „ერთ-ერთი“ სწორად, დეფისით წერია. ამის საილუსტრაციოდ იგი ლექსიკონის ბეჭდური ვერსიის ფოტოს აქვეყნებს. როგორც თიკო ბურჭულაძე წერს, ხარვეზი მალე გამოსწორდება.
„კოლეგების, მასწავლებლების, ჟურნალისტების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!
ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სიტყვა „ერთ-ერთი“ ახლა უკვე ერთად იწერება და ამის საილუტრაციოდ მოჰყავთ ენათმეცნიერების ინსტიტუტში 2017 წელს გამოცემული „საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონის“ ელექტრონული ვერსია. მე, როგორც ამ ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი (აკადემიკოს ავთანდილ არაბულთან და წიგნის რედაქტორ, პროფ. თამარ ვაშაკიძესთან ერთად), მინდა ვთქვა, რომ ელექტრონულ ვარიანტში ტექნიკური ხარვეზია და ამიტომ წერია უდეფისოდ, ერთად (გასწორდება მალევე ეს ხარვეზი), ბეჭდურ ფორმაში კი დეფისითაა წარმოდგენილი. წელს ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება მუშაობს კომპოზიტთა ნორმებზე და, ცხადია, ეს საკითხი გადაიხედება და განიხილება. ვნახოთ, ახალი ნორმის შემუშავების შემდეგ რას დაამტკიცებს სამეცნიერო საბჭო და შემდეგ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. ასე რომ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა“, - წერს თიკო ბურჭულაძე.