Baby Bag

გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ

გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. უწყების ცნობით, გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ, რის შემდეგაც ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება და თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის ბრძანების საფუძველზე, მერვე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა:

  • შეფასების პირველი ეტაპის გადალახული სახელმძღვანელოების ავტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ რეცენზენტებს და, გარდა წერილობით მიღებული შენიშვნებისა და წინადადებებისა, მათგან უშუალოდ მიეღოთ დეტალური რეკომენდაციები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად;
  • ხარისხის გაზრდის მიზნით, აიწია გადასალახი ბარიერი და ნაცვლად 79%-ისა, წელს გახდა 90%-ზე მეტი;
  • ხარისხის სასარგებლოდ შეიცვალა ხარისხისა და ფასის წონის თანაფარდობა სახელმძღვანელოს საბოლოო ქულის გამოყვანისას (მანამდე თანაფარდობა იყო 90% - ხარისხი და 10% - ფასი, წელს არის 95% - ხარისხი და 5% - ფასი);
  • გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სახელმძღვანელოები შეფასდა როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის, ასევე შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობის, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან, ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

„სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით, გრიფირების პროცესში სახალხო დამცველის რეკომენდაციით ჩაერთვნენ სპეციალისტები, რომლებმაც სახელმძღვანელოები შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში; რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან; რამდენადაა გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვა,“ - აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სხვადასხვა საგანზე გაკეთებული 58 განაცხადიდან საბოლოოდ გრიფი 30-მა სახელმძღვანელომ მიიღო.

„გრიფირებული სახელმძღვანელოები ვერ შეირჩა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია (VIII კლასი); რუსული (VIII კლასი); ქართული, როგორც მეორე ენა (VII კლასი).

იმ საგნებში, რომელზეც განაცხადები არ შემოსულა, ან ვერ შეირჩა, IX კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად გრიფირება მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება.

ელექტრონული რესურსების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გამომცემლობებს შორის თანამშრომლობა გრძელდება. ამ ეტაპზე გამომცემლობების უმრავლესობამ გრიფირებული ელექტრონული სახელმძღვანელოები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის დროებით ხელმისაწვდომი გახადა.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 1 მარტს გამოქვეყნდება.


წაიკითხეთ სრულად