საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„კოვიდ-19 ბავშვებში ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში,“ - ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბავშვებში კოვიდ-19-ის გავრცელების სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსი პატარებში ისევე ვრცელდება, როგორც დიდებში:
„თავიდან იყო მოსაზრება, რომ კოვიდ - 19 ბავშვებში ნაკლებად ვრცელდება, თუმცა ეს არ დადასტურდა. ეს დაავადება ბავშვებშიც ვრცელდება ისევე, როგორც ზრდასრულებში. ბავშვებს კოვიდ-19 ნამდვილად მსუბუქად გადააქვთ. ამას ჩვენი და მსოფლიო პრაქტიკაც გვიჩვენებს. საბედნიეროდ, ბავშვებში ბევრად ნაკლები გართულებაა, ვიდრე მოზრდილებში. კარგია, რომ ბევრი მძიმე პაციენტი ბავშვი არ გვყავს. არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ თითქოს ბავშვები ნაკლებად გადამდები არიან, მაგრამ ეს პირობითია, იმიტომ, რომ ბავშვებიც გადამდები არიან. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც ბავშვი სკოლიდან დაინფიცირდა და შემდეგ დაავადება გადასდო ოჯახის წევრებს. კი, ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდი, მაგრამ მათ ოჯახში ჰყავთ დედა, მამა, ბებია. მათთან შეიძლება დაავადება წავიდეს მძიმედ.“
ალექსანდრე გოგინავას თქმით, ბავშვებთან სოციალური დისტანციის წესების დაცვა ძალიან რთულია:
„ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში პირბადე რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვს აქვს რაიმე თანდართული და ფონური დაავადება, რომელიც კრძალავს პირბადის გამოყენებას, მან პირბადე არ უნდა ატაროს. ბავშვებთან რთულია დისტანციის დაცვა. სკოლებსა და ბაღებში, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს ძალიან რთულად კონტროლდება. თეორიულად ამის გაკეთება ადვილია, მაგრამ პრაქტიკაში, როდესაც 25-30 ბავშვთან გვაქვს საქმე, ამის გაკონტროლება ძალიან რთულია.“
„სკოლები ასოცირდება მობილობის გაზრდასთან. თითოეულ სკოლაში რამდენიმე ასეული ადამიანია. სკოლაში არ არიან მხოლოდ ბავშვები, იქ არიან მასწავლებლები, არის პერსონალი. სკოლების გაჩერება ამ ეტაპზე იმით არის გამოწვეული, რომ მობილობის შემცირება მოხდეს. მოგეხსენებათ, რომ ახლა ვიმყოფებით პიკურ ეტაპზე. დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვაქვს. ჩვენი ყველას ვალია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ მზარდი სტატისტიკის შეჩერება. თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდეგ შეზღუდვები და ბოლომდე სწავლების დაგეგმვა გაჭირდება. სჯობს დროული, სწრაფი და ეფექტიანი შეზღუდვები იყოს, რომ სამომავლოდ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდეს,“ - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.