Baby Bag

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს - UNICEF

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს - UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სკოლების გახსნას.

„სკოლები იმ პრიორიტეტულ დაწესებულებებს შორის უნდა მოექცეს, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დანერგვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკის მიმართ. სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე. ვითარების გაუმჯობესებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დროა, ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო პირობებს,“ - აღნიშნულია UNICEF-ის მიერ მომზადებულ სტატიაში, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად და ზრდის ზომიერი ტემპის შესანარჩუნებლად საქართველომ მკაცრი ზომები გაატარა. არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ქვეყნებში დაავადების გავრცელების მთავარ ფაქტორებს. ფაქტობრივად, არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება.

არსებობს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, უსაფრთხოებასა და სწავლაზე სკოლების დახურვის უარყოფითი ზეგავლენის ძლიერი მტკიცებულება.

იმავდროულად, არსებობს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, უსაფრთხოებასა და სწავლაზე სკოლების დახურვის უარყოფითი ზეგავლენის ძლიერი მტკიცებულება. როდესაც ბავშვები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დადიან სკოლაში, იზრდება ფიზიკური, ემოციური და სქესობრივი ძალადობის რისკი, უარესდება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა. იზრდება მათი დაუცველობა ბავშვთა შრომის საფრთხის მიმართ და ალბათობა, რომ ისინი ვერ მოახერხებენ თავის დაღწევას სიღარიბისათვის. ყველაზე გარიყული ბაშვების სკოლის გარეშე ყოფნამ, თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, რომელთა მოქმედებაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გასტანს. ამასთანავე, არასათანადო განათლების მქონე ბავშვების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაბალია.

სკოლების გახსნის დროის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და მთლიანად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე.

სკოლების გახსნის დროის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და მთლიანად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს სკოლების გახსნის დადებითი მხარეებისა და რისკების შეფასებას, მტკიცებულებებს, მათ შორის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს. სკოლებში უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი ღონისძიებები, მოხდეს ადაპტაცია რისკების ან ადგილობრივ დონეზე კორონავირუსის გავრცელებასა და მდგომარეობის ცვლილების შესახებ მიღებული ახალი ინფორმაციის შესაბამისად.

გაეროს ბავშვთა ფონდმა წარმოადგინა რჩევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნაში. მათ შორისაა შემდეგი რეკომენდაციები:

  • სათანადო წყალმომარაგებისა და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისათვის;
  • ფიზიკური დისტანცირების ზომების განხორციელება, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების აკრძალვა, რომლებიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრას;
  • სასწავლო დღის დაწყებისა და დასრულების გრაფიკის დარეგულირება;
  • სკოლაში კვებისათვის გამოყოფილი დროის ცვლილება;
  • გაკვეთილების ჩატარება დროებით მოწყობილ სივრცეებში ან ღია ცის ქვეშ;
  • გაკვეთილების ჩატარება ცვლებში, კლასების ზომის შემცირების მიზნით.


სკოლების გახსნისთანავე ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვის ჩართულობა სასწავლო პროცესში; თითოეულ ბავშვს უნდა შეეძლოს სკოლაში ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და კვების მომსახურებით სარგებლობა; და თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე. გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები შესაძლოა მოგვევლინოს ჩვენს სკოლებში უმნიშვნელოვანესი გარდაქმნის კატალიზატორად, რის შედეგადაც თითოეული ბავშვი შეძლებს იმ უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად ცხოვრებაში, სკოლაში და შრომით ბაზარზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად