„ახალი სქემა ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. წერილში ასოციაცია მთავრობის მეთაურს ახალი სქემის გაუქმებას სთხოვს. MomsEdu.ge გთავაზობთ წერილს, რომელიც საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციამ ახლახან გამოაქვეყნა ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულთა და სფეროს განვითარებით დაინტერესებულ პირთა ღია წერილი პრემიერ მინისტრს
07 ივლისი, 2020წ
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გიორგი გახარიას
ბატონო გიორგი,
უპირველეს ყოვლისა მოგმართავთ თხოვნით და იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ირღვევა მასწავლებელთა უფლებები და, თუ თქვენ არ მოახდენთ ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემაზე რეაგირებას, ვფიქრობთ, რომ ზოგადსაგანმანათლო დაწესებულებები დარჩება პროფესიონალი კადრის გარეშე და არც ახალგაზრდებს ექნებათ სურვილი, რომ მომავალში დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას, ვინაიდან "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა", რომელიც დამტკიცდა 2020 წლის 26 ივნისს, საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით არ ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და არ არის ორიენტირებული უკვე არსებული, თუ პროფესიაში შემსვლელი კადრის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე.
ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით, გაუქმდეს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" რომელიც მიღებულია 2020 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით.
დადგენილების გაუქმების მოთხოვნის საფუძველი:
საქართველოს მთავრობის დადგენილება N390 - ით (2020 წლის 26 ივნისი) მიღებული "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" არ პასუხობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს, კონკრეტულად, დარღვეულია მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი, ვინაიდან N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) დადგენილებაში არ იკითხება ცვლილებები საქართველოს მთავრობის N241-ე (2019წლის 23 მაისი) დადგენილებებაში არსებული თავებისა და მუხლების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის დადგენილება N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) წარმოადგენს არსებითად ახალ დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს მასწავლებლის ინტერესებს. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N390 (2020 წლის 26 ივნისი) არ იძებნება საქართველოს მთვრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი)
თავი II „ზოგადი დებულება“ და მასში არსებული ჩანაწერი, კონკრეტულად:
თავი II. ზოგადი დებულებები
სქემის მიზანი და ამოცანა:
სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. სქემის დანიშნულებაა:
• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემის ჰარმონიზაცია;
• მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა და დაკავშირება პროფესიულ საქმიანობასთან;
• მასწავლებლის შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია კარიერულ ზრდასა და ანაზღაურებასთან;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება და მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარებისა და შეფასების პროცესში. [საქართველოს მთავრობის N241 დადგენილება (2019წლის 23 მაისი)] დადგენილების გაუქმებაზე უარის შემთხვევაში:
გთხოვთ, განგვიმარტოთ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის დადგენილებოთ N390 (2020 წლის 26 ივნისი) დამტკიცებული დოკუმენტის გამოცემა, ვინაიდან მას არ გააჩნია შესავალი (პრემბულა) და არ არის განმარტებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიზანი, ამოცანები და სქემის დანიშნულება. ჩვენი შეფასებით კი, ის წარმოადგენს მხოლოდ მასწავლებლის შეფასების წესს, კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, შესაბამისად დოკუმენტის შინაარსი არ არის მისი სათაურის რელევანტური. იგი ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე. ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით N390 (2020 წლის 26 ივნისი) საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი), რომელ მუხლებშია შეტანილი ცვლილება და აღნიშნული დადგენილების რა ნაწილშია მოცემული მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მასწავლებელს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" ფარგლებში? აგრეთვე, გთხოვთ გაგვაცნოთ საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019 წლის 23 მაისი) შესრულების მონიტორინგის შედეგები და განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, რის გამოც დადგა დღის წესრიგში "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა? საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები: საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:
ელზა ბადაშვილი (განათლების მეცნიერებათა დოქტორი)
ზოგადი განათლების სფეროს სპეციალისტი: ქეთევან აბესაძე (სტუ-ს სოციალურ მეცნირებათა დოქტორანტი)
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
,,მე ვიცი, რა რთულია ახლა მოსწავლის მშობლობა. ზოგჯერ ჭკუიდან ვიშლებით...მასწავლებლები კი ვცდილობთ, სხვანაირი დავალებები დავავალოთ ბავშვებს...''
ყველასათვის ცნობილი პედაგოგი ვენენო მენაბდე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,მე ვიცი, რა რთულია ახლა მოსწავლის მშობლობა. ზოგჯერ ჭკუიდან ვიშლებით, რადგან არ გვაქვს დრო, დროულად ჩავრთოთ ბავშვი ონლაინ გაკვეთილზე.
არ გვაქვს დრო, ამ სივრცეში ადაპტაცია გავუმარტივოთ პატარებს.
არ გვაქვს დრო, დროულად ავტვირთოთ შესრულებული დავალება.
არ გვაქვს ზედმეტი კომპიუტერი, რადგან ჩვენ თვითონაც ონლაინ ვმუშაობთ.
მასწავლებლები კი ვცდილობთ, სხვანაირი დავალებები დავავალოთ ბავშვებს,
ვსხედვართ და ვფიქრობთ, როგორ გავახალისოთ სახლში მსხდომი ბავშვები.
ვიგონებთ შემოქმედებით დავალებებს და გვიხარია.
ეს დავალებები კი მშობლებზე გადადის.
იმ მშობლებზე, რომელთა უმეტესი ნაწილიც კომპიუტერთან ზის და ან ჩუუუ ჩუუუს გაიძახის ან თვალებს აბრიალებს - ,,გაჩუმდით, სამსახურის ქოლი მაქვს" გამომეტყველებით.
და ამ დროს არსებობენ მშობლები, რომლებიც, მიუხედავად ამ თავს დამტყდარი საგიჟეთისა, გამხნევებენ და გეუბნებიან, რომ მას და მის შვილს გაუმართლათ, რომ შენ ხარ მასწავლებელი, გებოდიშებიან, დროულად ვერ გამოგზავნილი დავალებების გამო, ვერ მოზელილი პლასტილინის გამო, რომელიც წინა კვირაში დაავალე მის შვილს, დროულად ვერ ატვირთული დავალების გამო, გაკვეთლზე დაგვიანებით ჩართვის გამო... ზოგი კი გწერს, რომ მადლიერია, რათა საშუალება მიეცა შვილთან ერთად პლასტილინი დაემზადებინა, სიზმრების დამჭერი დაემზადებინა, გუაშებში მოსვრილიყო და მასთან ერთდ ეძერწა მოთხრობის პერსონაჟი...
ხოდა, რატომ ვწერ ამდენს?
ახლა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ.
კომპიუტერი გამიფუჭდა,
ტელეფონში ვითხრი თვალებს და ბოლო ნახევარ საათში უკვე მეორე წერილი წავიკითხე თბილი, მადლობითა და ღიმილით დაწერილი.
და გგონიათ, ისევ მანაღვლებს ის ლეპტოპი?
სულაც არა.
იმხელა ძალას მაძლევს უკან დაბრუნებული სიკეთე,
მთელი ღამე შემიძლია ვიჯდე და ვიფიქრო, როგორ გავახალისო ჩემი სახლში მყოფი 6, 7 და 8 წლის მოსწავლეები, რომლებიც ყოველი ჩართვისას მეზუზუნებიან, რომ არ მოსწონთ "შორს" ყოფნა და სკოლა ენატრებათ.