„ახალი სქემა ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. წერილში ასოციაცია მთავრობის მეთაურს ახალი სქემის გაუქმებას სთხოვს. MomsEdu.ge გთავაზობთ წერილს, რომელიც საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციამ ახლახან გამოაქვეყნა ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულთა და სფეროს განვითარებით დაინტერესებულ პირთა ღია წერილი პრემიერ მინისტრს
07 ივლისი, 2020წ
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გიორგი გახარიას
ბატონო გიორგი,
უპირველეს ყოვლისა მოგმართავთ თხოვნით და იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ირღვევა მასწავლებელთა უფლებები და, თუ თქვენ არ მოახდენთ ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემაზე რეაგირებას, ვფიქრობთ, რომ ზოგადსაგანმანათლო დაწესებულებები დარჩება პროფესიონალი კადრის გარეშე და არც ახალგაზრდებს ექნებათ სურვილი, რომ მომავალში დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას, ვინაიდან "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა", რომელიც დამტკიცდა 2020 წლის 26 ივნისს, საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით არ ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და არ არის ორიენტირებული უკვე არსებული, თუ პროფესიაში შემსვლელი კადრის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე.
ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით, გაუქმდეს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" რომელიც მიღებულია 2020 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით.
დადგენილების გაუქმების მოთხოვნის საფუძველი:
საქართველოს მთავრობის დადგენილება N390 - ით (2020 წლის 26 ივნისი) მიღებული "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" არ პასუხობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს, კონკრეტულად, დარღვეულია მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი, ვინაიდან N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) დადგენილებაში არ იკითხება ცვლილებები საქართველოს მთავრობის N241-ე (2019წლის 23 მაისი) დადგენილებებაში არსებული თავებისა და მუხლების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის დადგენილება N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) წარმოადგენს არსებითად ახალ დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს მასწავლებლის ინტერესებს. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N390 (2020 წლის 26 ივნისი) არ იძებნება საქართველოს მთვრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი)
თავი II „ზოგადი დებულება“ და მასში არსებული ჩანაწერი, კონკრეტულად:
თავი II. ზოგადი დებულებები
სქემის მიზანი და ამოცანა:
სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. სქემის დანიშნულებაა:
• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემის ჰარმონიზაცია;
• მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა და დაკავშირება პროფესიულ საქმიანობასთან;
• მასწავლებლის შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია კარიერულ ზრდასა და ანაზღაურებასთან;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება და მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარებისა და შეფასების პროცესში. [საქართველოს მთავრობის N241 დადგენილება (2019წლის 23 მაისი)] დადგენილების გაუქმებაზე უარის შემთხვევაში:
გთხოვთ, განგვიმარტოთ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის დადგენილებოთ N390 (2020 წლის 26 ივნისი) დამტკიცებული დოკუმენტის გამოცემა, ვინაიდან მას არ გააჩნია შესავალი (პრემბულა) და არ არის განმარტებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიზანი, ამოცანები და სქემის დანიშნულება. ჩვენი შეფასებით კი, ის წარმოადგენს მხოლოდ მასწავლებლის შეფასების წესს, კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, შესაბამისად დოკუმენტის შინაარსი არ არის მისი სათაურის რელევანტური. იგი ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე. ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით N390 (2020 წლის 26 ივნისი) საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი), რომელ მუხლებშია შეტანილი ცვლილება და აღნიშნული დადგენილების რა ნაწილშია მოცემული მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მასწავლებელს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" ფარგლებში? აგრეთვე, გთხოვთ გაგვაცნოთ საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019 წლის 23 მაისი) შესრულების მონიტორინგის შედეგები და განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, რის გამოც დადგა დღის წესრიგში "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა? საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები: საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:
ელზა ბადაშვილი (განათლების მეცნიერებათა დოქტორი)
ზოგადი განათლების სფეროს სპეციალისტი: ქეთევან აბესაძე (სტუ-ს სოციალურ მეცნირებათა დოქტორანტი)
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
სკოლების დაფინანსება გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების დანამატის ზრდა 100 ლარით - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.
ბიუჯეტის პროექტი კომიტეტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით.
თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 007.5 მლნ ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია:
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 9.3 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 18.2 მლნ ლარამდე;
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება - 885.0 მლნ ლარი;
განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა - 240.0 მლნ ლარი;
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 26.3 მლნ ლარი;
საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 23.6 მლნ ლარამდე;
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – 33.0 მლნ ლარი და სხვა; პროფესიული განათლება - 52.5 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება - 147.2 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 65.5 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება - 23.7 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურის განვითარება - 125.8 მლნ ლარი. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 54.0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 220 მლნ ლარამდე); პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 18.0 მლნ ლარი; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები; ინფრასტრუქტურის განვითარება - 5.0 მლნ ლარი; კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 8.0 მლნ ლარი; სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 36.9 მლნ ლარზე მეტი; სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 6.8 მლნ ლარი; კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 68.7 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 27.0 მლნ ლარამდე; მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 127.1 მლნ ლარი. აღნშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 2021 წელს ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 21.1 მლნ ლარი.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ გადამუშავდება და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.