„ახალი სქემა ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. წერილში ასოციაცია მთავრობის მეთაურს ახალი სქემის გაუქმებას სთხოვს. MomsEdu.ge გთავაზობთ წერილს, რომელიც საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციამ ახლახან გამოაქვეყნა ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულთა და სფეროს განვითარებით დაინტერესებულ პირთა ღია წერილი პრემიერ მინისტრს
07 ივლისი, 2020წ
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გიორგი გახარიას
ბატონო გიორგი,
უპირველეს ყოვლისა მოგმართავთ თხოვნით და იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ირღვევა მასწავლებელთა უფლებები და, თუ თქვენ არ მოახდენთ ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემაზე რეაგირებას, ვფიქრობთ, რომ ზოგადსაგანმანათლო დაწესებულებები დარჩება პროფესიონალი კადრის გარეშე და არც ახალგაზრდებს ექნებათ სურვილი, რომ მომავალში დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას, ვინაიდან "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა", რომელიც დამტკიცდა 2020 წლის 26 ივნისს, საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით არ ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და არ არის ორიენტირებული უკვე არსებული, თუ პროფესიაში შემსვლელი კადრის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე.
ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით, გაუქმდეს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" რომელიც მიღებულია 2020 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით.
დადგენილების გაუქმების მოთხოვნის საფუძველი:
საქართველოს მთავრობის დადგენილება N390 - ით (2020 წლის 26 ივნისი) მიღებული "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" არ პასუხობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს, კონკრეტულად, დარღვეულია მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი, ვინაიდან N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) დადგენილებაში არ იკითხება ცვლილებები საქართველოს მთავრობის N241-ე (2019წლის 23 მაისი) დადგენილებებაში არსებული თავებისა და მუხლების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის დადგენილება N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) წარმოადგენს არსებითად ახალ დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს მასწავლებლის ინტერესებს. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N390 (2020 წლის 26 ივნისი) არ იძებნება საქართველოს მთვრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი)
თავი II „ზოგადი დებულება“ და მასში არსებული ჩანაწერი, კონკრეტულად:
თავი II. ზოგადი დებულებები
სქემის მიზანი და ამოცანა:
სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. სქემის დანიშნულებაა:
• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემის ჰარმონიზაცია;
• მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა და დაკავშირება პროფესიულ საქმიანობასთან;
• მასწავლებლის შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია კარიერულ ზრდასა და ანაზღაურებასთან;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება და მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარებისა და შეფასების პროცესში. [საქართველოს მთავრობის N241 დადგენილება (2019წლის 23 მაისი)] დადგენილების გაუქმებაზე უარის შემთხვევაში:
გთხოვთ, განგვიმარტოთ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის დადგენილებოთ N390 (2020 წლის 26 ივნისი) დამტკიცებული დოკუმენტის გამოცემა, ვინაიდან მას არ გააჩნია შესავალი (პრემბულა) და არ არის განმარტებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიზანი, ამოცანები და სქემის დანიშნულება. ჩვენი შეფასებით კი, ის წარმოადგენს მხოლოდ მასწავლებლის შეფასების წესს, კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, შესაბამისად დოკუმენტის შინაარსი არ არის მისი სათაურის რელევანტური. იგი ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე. ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით N390 (2020 წლის 26 ივნისი) საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი), რომელ მუხლებშია შეტანილი ცვლილება და აღნიშნული დადგენილების რა ნაწილშია მოცემული მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მასწავლებელს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" ფარგლებში? აგრეთვე, გთხოვთ გაგვაცნოთ საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019 წლის 23 მაისი) შესრულების მონიტორინგის შედეგები და განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, რის გამოც დადგა დღის წესრიგში "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა? საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები: საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:
ელზა ბადაშვილი (განათლების მეცნიერებათა დოქტორი)
ზოგადი განათლების სფეროს სპეციალისტი: ქეთევან აბესაძე (სტუ-ს სოციალურ მეცნირებათა დოქტორანტი)
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა და 2020 წლისთვის მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, არანაირ წარმატებას ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, თუ არ შეიქმნა ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა:
„მინდა გამოვყო განათლება და ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა განათლების მიმართულებით ახორციელებს. განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ წარმატებას ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ
რაც შეეხება მასწავლებელთა ხელფასებს, მისი თქმით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება:
„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი 2020 წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული, განსაკუთრებით კი ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება. ესენი გახლავთ: ბავშვები, ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონრები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ, როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფოს და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.