Baby Bag

„ბავშვი წიგნს ისე აღიქვამს, როგორც შენ მიაწვდი. ამ გზაზე ის ან ბედნიერია, ან უბედური, გააჩნია ვინ შეხვდება, როგორი მშობელი, მასწავლებელი,“ - გია მურღულია

გია მურღულია გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაღვიძების შესახებ საუბრობს:

„ბავშვი წიგნს ისე აღიქვამს, როგორც შენ მიაწვდი. ძალიან ცოტანი არიან ისეთები, რომლებით თვითონ პოულობენ საკუთარ თავს წიგნში და წიგნს საკუთარ თავში. ძალიან ბევრს, ცხადია, სჭირდება გზის გაკვალვა. ბავშვი ან უბედურია, ან ბედნიერი, გააჩნია ვინ შეხვდება, როგორი მშობელი, მასწავლებელი.“

გია მურღულია მშობლებს ურჩევს შვილებისთვის მეტი დრო გამონახონ და მათ მიმართ ყურადღება გამოიჩინონ:

„არ დაიშუროთ დრო თქვენი შვილებისთვის, მე ვისთანაც მისაუბრია ჩემს მოსწავლეებთან, ათიდან ცხრას უთქვამს, რომ მას აკლია მშობელთან ურთიერთობა. ლიტერატურაზე როდესაც ვსაუბრობთ, იცით, რომ გამოკითხვები ტარდება მთელს მსოფლიოში. ერთი წლის წინ 70 ქვეყანაში ჩატარდა გამოკითხვა, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ტარდება. ინტერესდებიან, როგორ ესმით ბავშვებს ის, რასაც კითხულობენ, რამდენად შეუძლია ბავშვს გაიაზროს ის, რასაც კითხულობს. ჩვენ ვართ მუდმივად ბოლო ათეულში. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მჯერა ეს მთელი შეგნებით, ფაქტია, რომ ბოლო ათეულში ვართ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მეხუთედ მივიღეთ მონაწილეობა, წინსვლა კი არ გვაქვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ წინ წავიდეთ. კვლევის შედეგებს რეკომენდაციები დაურთეს. ერთ-ერთი ფრაზა ასეთი იყო, რომ იმ ოჯახებში, სადაც არის წიგნის კულტი, სადაც მდიდარი ბიბლიოთეკაა, სადაც მშობლები ერთმანეთთან წიგნებზე ლაპარაკობენ, ბავშვს შეუძლია დაინახოს მამა, რომელიც წიგნს კითხულობს, ბავშვებს აქვთ ხარისხობრივად უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე სხვა ბავშვებს. მე ბევრ ისეთ მშობელს ვხედავ, რომლებიც პასუხისმგებლობას სკოლებს აკისრებენ, განსაკუთრებით ეს ეხება კერძო სკოლას. მშობელი მოდის და გეუბნება, მე მოგიყვანე შენ ბავშვი და შენ ხარ პასუხისმგებელი მასზე, მე თავისუფალი ვარ, არ შემაწუხო.“

„როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? ამის პანაცეა არ არსებობს. ამ გზაზე ბევრი მარცხი მინახავს. მთავარი მე მაინც მოტივაცია მგონია, როგორც ყველა სხვა საქმეში. თუ ინტერესი იბადება, ადამიანი აკეთებს საქმეს, თუ არ იბადება, არ აკეთებს, ან აკეთებს ცუდად. მთავარი კითხვა ეს არის, როგორ უნდა დაბადო ინტერესი. პირველ რიგში ბავშვს უნდა დაანახო, რას ნიშნავს თხრობის კულტურა. მწერლობა არის თხრობა, მოკლედ რომ ვთქვათ. თხრობის კულტურა როგორ იბადება? ფაქტის ინტერესით. მეორე არის განვითარების ინტერესი. ნესტანი რომ ეუბნება ტარიელს, წადი და მოჰკალი ხვარაზმშას შვილიო, შენ უნდა დააინტერესო ბავშვი, უთხრა, ნახე ახლა რას ეტყვის ნესტანი, როდესაც ქაჯეთის ციხიდან ფატმანს მოსწერს წერილს, ამ გადაწყვეტილებას დააბრალებს ყველაფერს. მესამე არის ხასიათის ინტერესი, როგორ ვლინდება პერსონაჟის ხასიათი. მეოთხე არის კონფლიქტის ინტერესი, ხელოვნება არ არსებობს კონფლიქტის გარეშე. ადამიანებს აინტერესებთ, როგორ დამთავრდება კონფლიქტი, მოსწონთ იდუმალება. შემდეგი არის მიზნობრივი გამეორების ინტერესი. ხშირად მე ბავშვებს ვეკითხები ხოლმე, რა წავიკითხო, რომ გავიგო თქვენ რა მოგწონთ-მეთქი. მაშინვე ახმაურდებიან ბავშვები და მეუბნებიან, ვინ რას კითხულობს,“ - აღნიშნა გია მურღულიამ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი იქნება მომავლის განათლება?

როგორი იქნება მომავლის განათლება?
დროის ცვლილებასთან ერთად იცვლება სამყაროც, ტექნოლოგიები ვითარდება, რაც ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას, მათ შორისაა განათლება. მეცნიერებს და განათლების ექსპერტებს კვლევების შედეგად გარკვეული დასკვნები გამოაქვთ, თუ როგორი შეიძლება იყოს განათლება 2050 წელს, რა შეიცვლება და როგორ. ყველაზე თვალშისაცემ და მნიშვნელოვ მიღწევად კი ტრადიციული სასწავლო სისტემის ინოვაციური მეთოდით/ტექნოლოგიებით ჩანაცვლება წარმოადგენს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამერიკული და ევროპული სკოლების უმეტესობა დღეს სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ნანო ტექნოლოგიებით, ისინი დღეს წარმატებით იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს სწავლების პროცესში. მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე ფიქრი, ემოციური ინტელექტი აქ რელევანტურ ადგილს იკავებს, კრიტიკული აზროვნება, განსჯა, ანალიზი, პრობლემის გადაჭრისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი - ეს ითვლება აუცილებელ უნარებად.
როგორი იქნება მომავლის განათლება?
როგორც სპეციალისტები ამბობენ, სწავლების პროცესში აქტიურ როლს და ადგილს დაიკავებს თანამედროვე ტექნოლოგიები. დღესაც ბევრი სკოლა იყენებს მსგავს პრაქტიკას, მაგალითად, ვირტუალურ რეალობას, რომლის გამოყენება სწავლების უნიკალური გამოცდილებაა, ის გარკვეული შეგრძნებების სტიმულაციასა და ჩართულობას განაპირობებს, მისი დახმარებით მოსწავლეები დამკვირვებლები კი არ არიან მხოლოდ, არამედ ახლა მათ უკვე შეუძლიათ გახდნენ პროცესის მონაწილენი, ვირტუალურად აღმოაჩინონ წყალქვეშა სამყარო მათი შეგრძნების ორგანოების გამოყენებით.
ვირტუალურ რეალობას აქვს უნარი, მოსწავლეები პირდაპირ სიმულაციურ გარემოში მოახვედროს, ამიტომ თანამედროვე სწავლებაში იზრდება მისი, როგორც სასწავლო იარაღის გამოყენების პოპულარულობა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დასასწავლი მასალის 90%-ის ათვისება ტექნოლოგიების გამოყენებით ხდებოდა, დარჩენილი ნაწილის კი და ტრადიციული მეთოდით სწავლების დროს.
ამ სტატიით დაგანახებთ, როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ სწავლების ხარისხი თუ ვირტუალური რეალობის ღრმა პოტენციალს აღმოვაჩენთ.
ექსპერტები გვეუბნებიან, რომ რამდენიმე წელიწადში დაფებს, ცარცს და მარკერს სრულიად ჩაანაცვლებს კომპიუტერული ტექნიკა, პროექტორები, ინტერაქტიული დაფები და ა.შ. შეიცვლება ასევე შეფასების სისტემები, ტესტირება სრულად გაუქმდება, რადგან ფსიქოლოგების თქმით, მოსწავლე ტესტირების ჩაბარების შემდეგ სრულად ივიწყებს შესწავლილ მასალას და ამიტომ ეს პრაქტიკა შედეგზე ორიენტირებული არ არის.
ასევე, საკლასო გარემო/ინფრასტრუქტურა 2050 სრულიად ახალ სახეს მიიღებს, კლასში შესვლისას, ბიომეტრიული სკანირებით იქნება შესაძლებელი დასწრების აღნიშვნა და რეგისტრაცია. ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმებაში, ასევე მასწავლებელი ChatGPT-ის პროგრამის გამოყენებით შეძლებს პლაგიატიზმის გამოაშკარავებას, მოსწავლეები თავიანთი ნამუშევრების შესახებ მიიღებენ დროულ უკუკავშირს.
მეტავერსი, რომელიც ვირტუალური რეალობის დახვეწილი ვერსიაა, განათლების სისტემაში კარგად დაიმკვიდრებს თავს. ამ დროს მოსწავლეებიც და მასწავლებლების საკუთარი ციფრული ავატარის შექმნას შეძლებენ, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის გაკეთების შემდეგ მოხვდებიან სამყაროში, სადაც ასევე შეეძლებათ სწავლასთან ერთად, ითამაშონ, გაერთონ, ადამიანები გაიცნონ, კონცერტს დაესწრონ, იშოპინგონ ან ბიზნესი აკეთონ.
სწორედ მეტავერსი გახდება განათლებაში ინტერაქტიული სასწავლო გარემოს შემქმნელი. შეიცვლება ასევე სასწავლო მასალაც, Kindle და e-books პოპულარობა გაიზრდება, რადგან ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი რამის წაკითხვის საშუალებას გვაძლევს და ასევე ტექსტში ორიენტირების სწრაფ საშუალებებს გვთავაზობს. ქაღალდის მოხმარება შემცირდება, თუმცა სრულიად არ გაქრება, განსაკუთრებით ხელოვნებისა და დიზაინის სფეროებიდან მათი სრულად ამოღება გაჭანურდება, ამიტომ გამოიყენებენ ეკო მეგობრულ ქაღალდს, რომელსაც გარემოსთვის ზიანი არ მოაქვს.
6 მიზეზი თუ რისთვის იყენებენ ვიარს (VR) ანუ ვირტუალურ რეალობას ამერიკულ სკოლებში
  • გეოგრაფიის სწავლებისას
ვიარის ტექნოლოგია უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს, რომ ვირტუალურად იმოგზაურონ სამყაროს გარშემო. გაჰყავს ისინი საკლასო ოთახებიდან მათთვის სასურველ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში - იქნება ეს ქვიშიანი სანაპირო თუ თოვლიანი მთები.
გეოგრაფიის მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან ვირტუალური სამოგზაურო რუკა და მისცენ მოსწავლეებს შანსი, გამოცდილება მიიღონ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. მაგალითად, რა ზეგავლენას ახდენს ბუნებრივი მოვლენები გეოგრაფიულ ლოკაციებზე, როგორ შეუძლიათ მიწისძვრებს ქალაქის ინფრასტრუქტურის მოშლა, როგორ ახდენს გავლენას ადამიანის საქმიანობა გარემოზე, რა როლს თამაშობენ ეკონომიკა და ვაჭრობა ამ ყველაფერში. ამისთვის არსებობს National Geographic-ის VR აპლიკაცია, რომელსაც იყენებენ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში.
  • ანატომიის სწავლებისას
ადამიანის სხეულის შესახებ ცოდნის მიღების საქმეში ვირტუალური რეალობა რევოლუციურ გზას წარმოადგენს. მოსწავლეები იკვლევენ და სხვადასხვა ორგანოს იდენტიფიკაციას ახდენენ, რაც მეტად საინტერესოს ხდის მეცნიერების სწავლებას. მოსწავლეები ვირტუალური ტურით ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას ათვალიერებენ და აკვირდებიან, თუ როგორ ფუნქციონირებენ ორგანოები, უკეთ იგებენ, თუ როგორ მუშაობს კუნთოვანი სისტემა და ა.შ.
  • ენის სწავლებისას
ვიარ ტექნოლოგია მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ენობრივი უნარების განვითარებისთვისაც გამოიყენება, სადაც ხდება პირდაპირი გამოცდილების მიღება ანუ კომუნიკაციაში შესვლა ნამდვილ პიროვნებებთან, მიდიხარ რომელიმე დაწესებულებაში, სადაც საუბრობ ამ ენაზე, მაგ: კაფე, ბიბლიოთეკა და ა.შ.
  • სხვადასხვა უნარის ათვისებისთვის
კვლევები ადასტურებენ, რომ ამ ტიპის ექსპერიმენტული განათლება დიდი მნიშვნელობის მქონეა, რადგან გარემოსთან უშუალო ინტერაქცია მეტად დასამახსოვრებელს ხდის მიღებულ გამოცდილებას. ზოგიერთი კომპანია იყენებს ვიარ ტექნოლოგიას, რათა გაააქტიუროს თანამშრომლებში გარკვეული უნარები: კრიტიკული ანალიზისა და ლოგიკური განსჯის უნარი, ტრეინინგისთვის საჭირო ყოველგვარი დამატებითი რესურსის გარეშე.
  • ფიზიკური აღზრდის სწავლებისას
წარმოიდგინეთ ნებისმიერი სპორტის სახეობა - იქნება ეს ჩოგბურთი, კალათბურთი ან თუნდაც გოლფი, შეგიძლიათ ვირტუალურად ითამაშოთ და ამ პრაქტიკული გამოცდილებით შეისწავლოთ ახალი სპორტის შესახებ.
  • ხელოვნების სწავლებისას
რევოლუციური ტექნოლოგიის გამოყენებით, მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერ მუზეუმს ეწვიოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ახლოდან დაათვალიეროს ცნობილი ხელოვნების ნიმუშები და დაკვირვებით მეტი შეისწავლოს მასზე. გუგლმა შექმნა Google’s Tilt Brush AiR program პროგრამა, რომელიც თავს უყრის ნიჭიერ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, რომ აღმოაჩინონ ვირტუალური რეალობის უსაზღვრო შესაძლებლობები ხელოვნებაში, მათ შორის არიან მოცეკვავეები, გრაფიტის შემქმნელები, ილუსტრატორები და ა.შ. 60-ზე მეტი არტისტი იყენებს გუგლის ამ საჩუქარს, რათა შექმნან თვალისმომჭრელი ხელოვნების ნიმუშები.
  • რთული საგნების ათვისებისას
ვიარ ტექნოლოგიები გამოიყენება ასევე რთული კონცეპტების უფრო ნათელი დემონსტრაციებისთვის, მაგალითად, როგორ მუშაობენ მოლეკულურ დონოზე საგნები ან როგორ ვრცელდება დროთა განმავლობაში გარკვეული ტიპის დაავადებები, მოსწავლეებისთვის ასეთ დროს მარტივია იმის გაგება, თუ როგორ პროგრესირებს ინფექცია ან როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს მცენარის ზრდაზე სხვადასხვა გარემო ფაქტორმა.
ვიარ ტექნოლოგიების უპირატესობები
  • აუმჯობესებს მახსოვრობისა და მოპოვებული ცოდნის შენახვის უნარს
ინფორმაციის გარკვეული დროით დამახსოვრების უნარი მნიშვნელოვანია წარმატებული სწავლებისთვის. მუშა მეხსიერება საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის უნარები, რასაც ყოველდღიური ცხოვრებიდან ვითვისებთ, დაწყებული საბაზისო მათემატიკური ანგარიშებიდან, დამთავრებული კომპლექსური პრობლემის გადაჭრის უნარით.
  • ზრდის კლასში მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობას
მის უნარს მოახდინოს სიმულაცია რეალური ცხოვრებისეული მომენტებისა, შეუძლია ინტერაქტიული გახადოს სასწავლო პროცესი, რაც ასევე ზრდის მოტივაცის ნებისმიერი ასაკის მოსწავლეში.
  • ხელს უწყობს ემოციური ინტელექტის განვითარებას
ემოციური ინტელექტი არის ის ძალა, რომელსც შეუძლია დაგეხმაროს შენი მიზნების მიღწევასა და გეგმების განხორციელებაში. მისი დახმარებით შენ ეფექტურად გაუმკლავდები სტრესს, უკეთესი კომუნიკაცია გექნება სხვებთან, ააწყობ წარმატებულ პირად ურთიერთობებს სამსახურსა თუ სკოლაში, შეიცნობ საკუთარ თავს ემოციურ დონეზე, ის სიმულაციური სცენარები, რასაც ტექნოლოგია ქმნის, მოსწავლეებს მისცემს გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას და დაანახებს, თუ რა შედეგი მოაქვს მათ რომელიმე არჩევანს, ამ ტიპის ექსპერიმენტული სწავლება არის კრიტიკული აზროვნების წამახალისებელი, რაც ასე რელევანტურია თანამედროვე სამყაროში.
  • ხელმისაწვდომობა
ეს ტექნოლოგია ფლობს პოტენციალს, განათლება გახადოს ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც არ შეუძლია ტრადიციულ საკლასო ოთახში იმყოფებოდეს განათლების მიღების მიზნით. ვირტუალური რეალობა ეხმარება იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და რეგულარულ გაკვეთილებს ხშირად ვერ ესწრებიან. და ბოლოს, ის აძლევს საშუალებას მოსწავლეებს, მოინახულონ ის ადგილები, რომლის ნახვის შანსი სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ.
რა მინუსები აქვს ვიარ ტექნოლოგიის გამოყენებას?
  • ღირებულება/ფასი
ამ ტექნოლოგიის ფლობა მისი ფასიდან გამომდინარე, ყველა სკოლას არ შეუძლია. ამიტომ ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება ვირტუალური სასწავლო გარემოს შესაქმნელად მზად არ არის.
  • ტექნიკური მხარე
ეს ტექნოლოგია მოითხოვს თანამედროვე პროგრამულ და ასევე ტექნიკურ უზრუნველყოფას, უწყვეტ ინტერნეტკავშირს.
  • უსაფრთხოება

ვიარ მოწყობილობების დიდი ხნით გამოყენებამ შესაძლოა მიგვიყვანოს გარკვეულ პრობლემებთანაც, მაგ. თავის ტკივილი, თვალების შეშუპება/ტკივილი. ამიტომ, აუცილებელია ხშირად შევისვენოთ და განვსაზღვროთ სწორად დრო, თუ რამდენ ხანს გავატარებთ ამ მოწყობილობასთან.

ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია​

წაიკითხეთ სრულად