Baby Bag

ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელი - გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყება? - პრემიერის განცხადება

ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელი - გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყება?  - პრემიერის განცხადება

,,დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით - მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება,'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავარი ამოცანა, ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვაა:

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით, მსხვილ ქალაქებში. აქ, სრული მობილიზება მართებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტებს, ეპიდემიოლოგებს, განათლების სამინისტროს, იმისთვის, რომ ეს პროცესი ვმართოთ მინიმალური რისკებით. თუმცა, გასაგებია და ყველა ვხედავთ, რომ ეს ზომები, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა - პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ამას ნელ-ნელა ხალხი ივიწყებს. ამიტომ, ამაზე გვჭირდება, ძლიერი საინფორმაციო ნაბიჯების გადადგმა და ეს, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე, მოქალაქეებამდე, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია დახურულ სივრცეებში, სამწუხაროდ, არის აუცილებელი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები, იმისთვის, რომ ეპიდემია ვმართოთ ისე ეფექტურად, როგორც აქამდე ვაკეთებდით და იმისთვის, რომ ეკონომიკას მივცეთ შესაბამისი აღდგენის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და აქ, სახუმარო არაფერი არ არის. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, პირველ რიგში, ბავშვების და შემდეგ უკვე ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორშაბათს კორონა გავიცანი“ - ცნობილი ლექსების ახალი ვერსიები

„ორშაბათს კორონა გავიცანი“ - ცნობილი ლექსების ახალი ვერსიები

ქუთაისელი ლაშა ბიბიჩაძე სოციალურ ქსელში იმორისტული ლექსების ციკლს აქვეყნებს - როგორ დაწერდნენ კარანტინში მყოფი პოეტები ლექსებს. 

როგორც მან ​Momseudge-ს უთხრა, მისი მიზანია, ცოტა პოზიტივი შეიტანოს დაძაბულ სიტუაციაში.

გთავაზობთ ცნობილი ლექსების ლაშა ბიბიჩაძისეულ ვერსიებს:

ოთარ ჭილაძე კარანტინში

ყველას კორონა აძინებს ბოლოს,
მაგრამ არ მინდა ვჩანდე პირფერი,
ონლაინ შენთვის ვიყავი მხოლოდ,
შენა ხარ სერჩიც და ვაიბერიც.

გადიან დღენი და ჩატით დაღლილს,
გადამივადა ბანკმა ვალები
ფანჯრიდან მოჩანს მეზობლის ძაღლი -
აუტანელი და საყვარელი.

მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე,
რამ შეაჭამა ღამურა ჩინელს,
ან რად ეზრდება პირბადეს ფასი,
ან ჩვენ ვირუსი რას შეგვაშინებს.

ალბათ ასეა განგაშის წესი,
გათლილი ჭიქა პირამდე სავსე,
პერველი უნდა მშვიდობის შევსვათ,
კორონა რომ არ დაგვატყდეს თავზე.

ახლა კი უნდა მოვიდეს მედდა,
შემოიტანოს შპრიცით ვაქცინა,
არ გაგიჭირვოთ ამაზე მეტი,
ახლა უბრალოდ გრიპმა დაგვცინა.

მე ვაღებ სარკმელს და ტურისტს ვითვლი,
ტურისტს გაქცევა მოუნდა თითქოს,
და კვლავ მზადავარ საპნიან წყლისთვის,
თუმცაღა ტანის დაბანას ვფიქრობ.

მუხრან მაჭავარიანი კარანტინში

ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს კორონა!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ვხედავ როგორ აცემინებს სხვა!
არა!
სადმე წასასვლელი არ ვართ ორ-ორად,
თუ წახვალ და თოთხმეტ დღეში შემოგწირავთ ცხვარს.

მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ცხრა პირბადის, ცხრის,
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ყელიდან ნაცხის-
თუ ღმერთი გწამს,
გაიწიე...
-ა, -ა, -ა, -ა, -მცხიკ...

რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! -
მარტო ვირუსს
აქვს სახელი ცხრა.

მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა აცრის მარაგი...
არა!
სხვისი გადამდები
რა მჭირს, -
თვარა, - კი!

ლადო ასათიანი კარანტინში

რუსთველის პროსპექტზე სიარული,
ნუ მომიშალოს ღმერთმა. 

შოთა ნიშნიანიძე კარანტინში

ორშაბათს კორონა გავიცანი,
კორონა - უხანის კლანის არი,
მისი კლასტერის გადამკიდე
სამშაბათს პირბადე ავიკარი.

ოთხშაბათს სიცხემაც ამიწია
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი...
ექიმს სიმპტომები ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.

პარასკევს პასუხი მომივიდა
ვაიმე, ბედოო უკეთურო.....
დაგიდასტურდაო ვირუსი და
ცოლ-შვილს მოერიდე უბედურო.

თეთრად გავათენე პარასკევი,
ბოქსში გავატარე შაბათ-კვირე.
გადამტანი ვართქო დავასკვენი
ჰოდა, კარანტინიც დავაპირე.

გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთა ეს უღმერთო
თავბრუმ დამიარა კოჭებამდე
გამოჯანმრთელებას გისურვებთო.

მე ახლა წამლის დამლევი ვარ?
უნდა სხვანაირად ვსძლიო მარა...
-მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
მოვიმარაგებ ჭაჭის არაყს.

ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი ამ ჩინელის მგალობელი.

ტერენტი გრანელი კარანტინში

ავად ვიყავი, - ახლა როგორ ვარ?!
ვეღარ მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის კორონა
და ჩემს ჭიქაში მისი კოვზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას გადასხმას,
დილით ნემსებს და ღამით ტაიქოლდს,
დღეს გალაკტიონს ნერწყვი გადასცდა
სულზე მიუსწრო მედდა დაიკომ.

სირენა ჰკივის, ახლოს გრიპია,
ახლა ღამდება, ვიხრჩობი ხველით
გალაკტიონი „გასატრუპია“
ჩემს კალმისტარს რომ მოკიდა ხელი.

ავად ვიყავი, - ლამის მოგიკვდით,
ახლა მიგონებს ალბათ იმნაძე,
გალაკტიონში არის COVID-ი
წინაზეც იყო, იმის წინაზეც...

მიხეილ ქვლივიძე კარანტინში (რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლექსს, მცირედად ხუმრობანარევი ნაცნობი სტროფებით, კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩვენი ექიმების მიმართ)

მაშ შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები ამირანს,

ინფექციურში გავსებულა ყველა კამერა,

და რომ მარტოდენ ვირუსის და გრიპის ბრალია,

თუ სამსახურში კაცმა ლამის სული დალია...

ძლივს ქართველებმა ექიმები გმირად შევრაცხეთ,
ეზუგბაია, იმნაძე და
თენგიზ ცერცვაძე
ყველა ექიმი გამოეწყო ახლა სკაფანდრში,
-„უნდა გადარჩე, მეგობარო, უნდა გადარჩე“

მილანს მოსწყვიტა სამუდამოდ მამულიშვილნი,
რიგში ჩადექით, არ ამოგხდეთ სული შიმშილით,

იმათ ღამურას, ჩაქაფული ეჭამათ იქნებ,
ან ჰამბურგერი, ბოლო-ბოლო შაურმა გლდანის,
რა მოერევა ამდენ მიკრობს, მტვერსა თუ ქინქლებს,
(პურზე კარაქი გადაუსვით დასპირტულ დანით)

არა, ექიმთა გზა როდია ასე იოლი,
ინფექციაა
ჩვენში დიდი საქმის საწყისი,
ესეც მორჩება, ჩინურია თუ კორეული,
მეც ვრჩები წერას.
- მედდა მოდის ყელის ნაცხისთვის.


​გალაკტიონ ტაბიძე კარანტინში

წყალტუბოდან ქუთაისში 
მომავალო ქალო,
თუ პატრულის ეკიპაჟმა გკითხოს,
ვინა ხარო,
უპასუხე, რომ სურდო გაქვს,
გადამდები ისიც,
მაინც იგრძნობს ინფექციას,
ჩემი ქუთეისი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად