ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი:
„იმის გამო, რომ ყველა სკოლას აქვს თავისი ინდივიდუალური საჭიროება, აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და ჰყავს სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლე, ამასთან დაკავშირებით სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ, ასევე სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა. ამასთან, სკოლებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სმენების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე. რეკომენდაციების პაკეტში ასევე არის, რომ თუ სკოლას დასჭირდება, შეუძლია გამოიყენოს შაბათი დღე, როგორც სასწავლო დღე“, - განაცხადა დგებუაძემ.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“