Baby Bag

სკოლებს არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ნაბეჭდი ჟურნალი - ეკატერინე დგებუაძე

სკოლებს არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ნაბეჭდი ჟურნალი - ეკატერინე დგებუაძე

არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ სკოლებს, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ტრადიციულად, ნაბეჭდი ჟურნალი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ელექტრონული ჟურნალი იძლევა საშუალებას, მშობლებმა შვილების შეფასებისა და დასწრების შესახებ ინფორმაცია ონლაინრეჟიმში მიიღონ.

„სიახლე იქნება ახალ სასწავლო წელს, როდესაც სკოლებს შევთავაზეთ ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლა. წელს იქნება გარდამავალი პერიოდი და ეს ხისტად არ იქნება ყველასთვის, რომ ელექტრონული ჟურნალი გამოიყენონ. არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ სკოლებს, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ტრადიციულად, ნაბეჭდი ჟურნალი. სიახლე არის ძალიან საინტერესო. ეს არის კარგად ორგანიზებული სივრცე ელექტრონული ჟურნალისა, სადაც მოხდება არა მარტო ნიშნების ასახვა, არამედ შექმნილია უკვე სატელეფონო აპლიკაცია. როდესაც მშობელი ჩამოტვირთავს, ყველა ინფორმაციას მიიღებს შვილის შესახებ. ეს იქნება იქნება დასწრება, კომენტარები და ასე შემდეგ. მშობელს დამრიგებლის მხრიდან ყოველდღიურად ექნება ინფორმაცია სკოლაში მისი შვილის მოსწრებასთან დაკავშირებით. ეს არის პროექტი, რომელიც გარკვეულ ვადებში უნდა დაგვენერგა, მაგრამ არსებულმა ვითარებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში უკვე გადავიდეთ ელექტრონულ ჟურნალზე. დაიწყება ახლა მასწავლებლების გადამზადების პროცესი, ანუ ვებინარები, ვიდეოები ჩაიწერება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წყარო: ​1tv.ge

2020-2021 სასწავლო წელს სკოლები ვალდებულნი ხდებიან, ელექტრონული ჟურნალის წარმოება დაიწყონ
2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის ​ბრძანებაშია აღნიშნული, რომ...

შეიძლება დაინტერესდეთ

განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის წესი - ცვლილება, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა

განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის წესი - ცვლილება, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ოფიციალურად განისაზღვრა განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის წესი. 

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების მიხედვით2019-2020 სასწავლო წელს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე II სემესტრში მოსწავლეები შეფასდებიან I-IV კლასებში განმავითარებელი, ხოლო V-XII კლასებში განმავითარებელი და/ან განმსაზღვრელი შეფასებით სკოლის მიერ თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად შეთავაზებული ფორმით.

განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის მიზნით, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად სკოლის მიერ თითოეული მოსწავლისთვის განისაზღვროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი წესი:

ა) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში მიღებული ქულა;

ბ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ქულის და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით) ან მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ქულის და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

გ) V კლასის II სემესტრის შემთხვევაში – 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

დ) (იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არ აქვს) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით ან 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრში დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

შენიშვნა: სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლის შეფასებისას რომელ შესაძლებლობას/შესაძლებლობებს გამოიყენებს. სამინისტრო და რესურსცენტრები მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევენ სკოლებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს (გარდა XII კლასის მოსწავლისა), რომელსაც კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) აქვს 5.0 ან მეტი და მიღებული აქვს ჩათვლა 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას, სურვილი აქვს აიმაღლოს წლიური შეფასება:

ა) მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის/ნიშნების ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში კონკრეტული საგნების მიხედვით განსაზღვრავს შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შესრულების და შეფასების ვადებს. თითოეული საგნის მასწავლებელი მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე იწყებს მოსწავლისთვის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების მომზადებას. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და კონსულტაცია გაუწიოს მიცემული დავალების მომზადების პროცესში;

გ) მოსწავლის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შეფასება მასწავლებელმა უნდა მოახდინოს 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრის სემესტრული ქულის დაწერამდე;

დ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს (გარდა XII კლასის მოსწავლისა), რომელსაც კონკრეტული კლასის რომელიმე საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) აქვს 5.0-ზე ნაკლები და/ან არ აქვს მიღებული ჩათვლა 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში:

ა) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 1 სექტემბრამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

ბ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა.

თუ IX კლასის იმ მოსწავლეს, რომელიც ასრულებს სავალდებულო საბაზო საფეხურს და გადის ზოგადი განათლების სისტემიდან და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

ა) 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

იმ შემთხვევაში, თუ XII კლასის მოსწავლეს სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

ა) 2020 წლის 21 მაისიდან 2020 წლის 29 მაისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

მოსწავლეებს, რომელთაც არ აქვთ I სემესტრის შეფასება ისეთ საგანში, რომელიც არ ისწავლება II სემესტრში, უნდა მიეცეს შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალების შესრულების საშუალება, რის საფუძველზეც მიღებული განმსაზღვრელი შეფასება იქნება საგნის წლიური ქულა.

მოსწავლეებმა, რომლებმაც 2020 წელს ექსტერნატის ფორმით დაძლიეს კლასი და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრიდან ჩაირიცხნენ მომდევნო კლასში, ასევე იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც შეჩერებული სტატუსი აღიდგინეს II სემესტრიდან და არ აქვთ პირველი სემესტრის შეფასება, ყველა საგანში მიმდინარე დისტანციური სწავლების ფარგლებში უნდა შეასრულონ მინიმუმ ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალება, რომლის განმსაზღვრელი შეფასება წარმოადგენს წლიურ შეფასებას.

მოსწავლემ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური გეგმით მიმდინარე დისტანციური სწავლების ფარგლებში. ინდივიდუალური გეგმის დაძლევა დადასტურდება ერთ შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასებით, რომელიც წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას.

პირს, რომელმაც უცხოეთში სწავლის პერიოდში მიიღო ზოგადი განათლება და ვერ ადასტურებს უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტს, წლიური ქულის გამოყვანის მიზნით:

ა) უნდა აღუდგეს მოსწავლის სტატუსი;

ბ) 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე, დისტანციური ფორმით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ამ მოსწავლემ უნდა გაიაროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი კლასის საგნები;

გ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე ამ მოსწავლეს აძლევს ორ შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

დ) აღნიშნული მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებებში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.

ბრძანების მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლაში არ ტარდება გამოცდები, რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება საგანში წლის განმავლობაში მიღებული მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ უფიქსირდება საგანში მიმდინარე დავალებების ქულები, შეფასდება ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე. 2019-2020 საწავლო წელს კერძო სკოლები და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები დამოუკიდებლად იღებენ გამოცდების ჩატარების გადაწყვეტილებას და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავენ გამოცდის ფორმას.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სკოლები თავად განსაზღვრავენ 56-ე მუხლით დადგენილი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობას.

გაეცანით ბრძანებას ​ბმულზე 

წაიკითხეთ სრულად