საუბარს საკუთარი ისტორიით იწყებს, იმ გზით, თუ როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე - გამხდარიყო სკოლის დირექტორი. მაშინ მტკიცედ სწამდა, რომ ცვლილებების მოხდენა შეეძლო. „დავინახე და ვიგრძენი, რომ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში დირექტორების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმების მთავარი ღერძი ხომ სკოლაა“ - ეს სიტყვები დღეს უკვე ბევრს ნიშნავს, რადგან ის საქართველოს ყველაზე წარმატებული სკოლის ყველაზე წარმატებულ დირექტორს, ლენა გომართელს ეკუთვნის.
პროფესიით მასწავლებელია, გერმანისტი, რომელსაც ეს პროფესია საკუთარმა გერმანულის მასწავლებელმა შეაყვარა და სწორედ მისი ხათრით გადაწყვიტა ამ სფეროს გაჰყოლოდა. შემდეგ იყო სხვადასხვა სამსახური, უმაღლეს დაწესებულებებში, სკოლებში, რესურსცენტრში, თუმცა ჩვენი ამბავი იმ დღიდან იწყება, როდესაც ჩვენი ისტორიის მთავარმა გმირმა ქალბატონმა 2014 წელს მტკიცედ გადაწყვიტა დირექტორობა და საჩხერის N2 საჯარო სკოლის კარები შეაღო.
„ვფიქრობ, რომ დირექტორობა ძალიან საინტერესო საქმიანობაა. ამ სფეროში ადამიანს შეუძლია ყველა მხრივ რეალიზება, საკუთარი უნარების, განათლების წარმოჩენა. სკოლა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ აღმოვაჩინოთ ლიდერები, საკუთარ თავში, პედაგოგებში და მოსწავლეებშიც. ეს სფერო მე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეები გავზარდო პროფესიულად და დავაყენო სწორ გზაზე. ამაზე უკეთესი, რა შეიძლება მოხდეს?!“ - ამბობს ლენა გომართელი და საკუთარ წარმატებებზე დაუზარელად გვიყვება.
მისი თქმით, სკოლა საუკეთესო ასპარეზია იმისთვის, რომ თითოეული მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ცხოვრება სიკეთისკენ შეცვალო. მართალია, თავიდან ეს პროცესი ცოტათი რთული იყო, რადგან დირექტორობა კომპლექსურ ცოდნა მოითხოვს, თუმცა მის პროფესიულ კარიერაში გამოჩნდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ და ლიდერობის სამწლიანი აკადემია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მისი, როგორც დირექტორის ჩამოყალიბებაში.
„აკადემიაში სწავლის დროს, მივიღე ძალიან დიდი ცოდნა მართვისა და ლიდერობის კუთხით. ამ პერიოდში, თუ კი, რამე პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ, ეს სწორედ ამ აკადემიის, მისი ტრენერებისა და იმ ცოდნის დამსახურებაა, რომელსაც დაუზარებლად გვიზიარებდნენ იქ“ - ჰყვება წარმატებული დირექტორი და იმ გუნდის შექმნის პერიოდს იხსენებს, რომელმაც საქართველოს საუკეთესო სკოლა აჩუქა.
„სკოლის წარმატება გუნდზეა დამოკიდებული. ნებისმიერი პროექტი, რომელიც სკოლაში და ან მის გარეთ ხორციელდება, დირექტორისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მე არ მიცდია, რომ გარედან მომეყვანა ახალი პედაგოგები, თუმცა კი, იყო კადრების ცვლილებაც, მაგრამ ეს მოხდა ძალიან ობიექტურად და გამჭვირვალედ. მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ ის გუნდი, რომელიც დამხვდა სკოლაში, განმევითარებინა, მინდოდა, რომ მათი მონაწილეობით მიმეღწია წარმატებებისთვის და ეს ასეც მოხდა. მათი შესაძლებლობები შევისწავლე და ჩვენი სკოლის ყველა სამომავლო გეგმა ჩამოვაყალიბე მათ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. წარმატებული სკოლაც ამ პრინციპზე დგას - ყველა აკეთებს თავის საყვარელ საქმეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, ხოლო წარმატებული დირექტორი კი ამ პროცესს უზრუნველყოფს და ეხმარება მათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, განვითარებასა და განხორციელებაში“.
რა თქმა უნდა, მკითხველს დააინტერესებს, თუ რითია გამორჩეული საჩხერის N2 საჯარო სკოლა და რატომ მიიღო მან საქართველოში საუკეთესო სკოლის სტატუსი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ლენა გომართელი „მსოფლიო განათლების კონკურსს“ იხსენებს, სადაც ზუსტად მსგავსი კითხვა დაუსვეს და სთხოვეს, გამოეყოთ ხუთი მიმართულება, რომელიც მათ სკოლას გამორჩეულს ხდიდა.
„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. სკოლაში არსებულმა ადამიანურმა რესურსმა მე მომცა შესაძლებლობა, რომ უფრო გამეძლიერებინა უცხო ენების სწავლება და ჩვენ ახლა მოსწავლეებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სასწავლო მასალებს, არამედ სხვადასხვა ლიტერატურას, სავარჯიშოებს, დავალებებს, რესურსებს. უცხო ენების მიმართ მსგავმა ყურადღებამ კი ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, სხვა მიმართულებებიც გაგვეძლიერებინა და ამჯერად პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები აღმოჩნდა. STEM-ის ფარგლებში ბევრ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ბევრი გრანტი მოვიპოვეთ და სკოლაში რობოტექნიკის კლუბიც კი დავაარსეთ. მესამე მიმართულება პროფესიულ განათლებას უკავშირდება, რომელიც სკოლის ინოვაციაა. დღეს ჩვენს სკოლაში მოსწავლეები შვიდი მიმართულებით (მზარეულის, კონდიტერის, დიზაინერის, ელექტრიკოსის, IT სპეციალისტის, დურგლისა და ექთანის საგანმანათლებლო პროგრამები) ეუფლებიან პროფესიას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მათ საკლასო ოთახებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. მეოთხე მიმართულება მშობლების განათლებას ეხება. ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მშობელთა საჭიროებები ვიკვლიეთ და აქედან გამომდინარე, სკოლაში „მშობელთა სკოლა“ დავაარსეთ. ამ სკოლაში ჩვენ მშობლებს ვუტარებდით ტრენინგებს, ვებინარებს, შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მათ საჭიროებებზე მორგებულს. ბოლო, მეხუთე მიმართულებად უნდა დავასახელო მდგარდი განვითარების მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. მთავარი აქცენტი კეთდება იმ 17 მიზანზე, რომელიც 2030 წელს უნდა ჰქონდეს მსოფლიოს და რაც კი სკოლაში პროექტი ხორციელდება, ვცდილობთ, რომ სწორედ ამ მიზნებს იყოს მორგებული და მათი დანერგვისკენაა მიმართული“ - განმარტავს ლენა გომართელი.
სამომავლო მიზნებზე საუბრისას დირექტორი აქცენტს ისევ უცხო ენებსა და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაძლიერებულ სწავლებაზე აკეთებს და გვეუბნება, რომ სწორედ ამ გზით აპირებს სკოლა განვითარებას. მას არც ახალბედა დირექტორები და ის ახალგაზრდები ავიწყდება, რომლებიც ამ პროფესიაში აპირებენ შემოსვლას და მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებს უზიარებს:
„ჩვენ ჩვენი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ ახალგაზრდებს, რომ სკოლა არის შესაძლებლობა, შესაძლებლობა, იყო წარმატებული, როგორც საშინაო, ისე, საგარეო ასპარეზზე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს ძლიერი და სკოლის სიძლიერეს კი ის ახალგაზრდები განაპირობებენ, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ამ სისტემაში. მათ არ უნდა შეეშინდეთ, კი, რთულია, ამხელა ადამიანური რესურსის მართვა, ამდენი საქმე, დამღლელია, თუმცა არა შეუძლებელი. თუ ახალგაზრდები სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის სწორ განვითარებას უწყობთ ხელს“.
ბოლოს, ჩვენი ისტორიის მთავარი შემოქმედი დასძენს, რომ ამ საქმეს, რომელსაც წლებია ემსახურება, დიდი ენთუზიაზმიც ახლავს თან და ეს დასაწყისიდანვე უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც მასწავლებლობა ან დირექტორობა მოუნდება.
„ჩვენ ვიცით, რომ განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა, თუმცა თუ შენ იქნები ყოჩაღი და მონდომებული, ყველაფერს შეძლებ. მე არ მიყვარს წუწუნი, მით უმეტეს მუდმივად და სწორედ ამიტომ, არც ერთ შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რასაც ეს საქმიანობა მთავაზობს. ჩვენ ვმუშაობთ დაუზარელად, ვუმკლავდებით პრობლემებს და გვაქვს ბერკეტი, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები, აი ესაა ჩვენი წარმატება“ - განმარტავს ლენა გომართელი.
უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც საქართველოს საუკეთესო სკოლის ტიტულს საჩხერის N2 საჯარო სკოლა, ხოლო წარმატებული დირექტორისას - ლენა გომართელი, ატარებს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან წარმატებულ დირექტორს წინ უფრო დიდი გზა ელოდება, დიდი გეგმებითა და მიზნებით, წარმატებული გზა - „განათლების სისტემის ჯარისკაცობამდე“.
ავტორი: მარიამ გვარამია
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებისთვის“ - როგორ აფასებს მშობელი შვილის საშინაო დავალებებს
„მგონია, რომ საშინაო დავალება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ანალიზის უნარზე, არსის გაგებაზე და ბავშვში შემოქმედებითობის განვითარებაზე.“
საშინაო დავალების უარყოფით და დადებით მხარეებზე გვესაუბრა ოთხი შვილის დედა მარინე გრძელიშვილი, რომელმაც თავისი პირადი დაკვირვებები გაგვიზიარა საშინაო დავალების პრობლემატიკასთან დაკავშირებით:
- როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილისთვის მასწავლებლის მიერ მოცემული დავალებები რამდენად შეესაბამება მისი განვითარების საფეხურებს?
- საშინაო დავალებისა თუ საგაკვეთილო პროცესი ხომ ბავშვის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენთვის, როგროც მშობლებისთვის, განათლების პროცესი უნდა ემსახურებოდეს პროგრესს. მაინც ვფიქრობ, რომ ახლანდელი სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ბოლომდე ვერ ხერხდება ეს. ჩვენს შვილებს რასაც ვავალებთ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისებური მიწოდების ფორმა. ჩვენთვის არა მხოლოდ გონებრივი განვითარებაა მნიშვნელოვანი, არამედ ფსიქო-ემოციური, ამიტომ ბავშვამდე მიტანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დავალება იყოს მაქსიმალურად მისაღები, ხალისიანი და საინტერესო, დავალების შესრულების პროცესი არ უნდა იყოს აუტანელი და დამთრგუნველი. მინდა, რომ ბავშვისთვის წიგნთან მუშაობა იყოს მიმზიდველი პროცესი შემოქმედებითი კუთხით. ბავშვებს მოსწონთ თავიანთი ნააზრევის შედეგს რომ ხედავენ და არა რუტინული დავალებების შესრულება გამუდმებით. ვფიქრობ, სახელმძღვანელოში მოცემული დავალებები ამ კუთხით უფრო უნდა იყოს დახვეწილი.
- როგორ ფიქრობთ, მოცემული დავალებები უფრო მეტად ცოდნის შეძენაზეა ორიენტირებული თუ ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე?
- ბავშვისთვისაც და ზოგადადაც ანალიტიკურ აზროვნებაში წვრთნა არის განმავითარებელი. მთავარია, რომ ანალიტიკური აზროვნება განვუვითაროთ და შემდგომ უკვე საჭიროა სხვდასხვა საკითხის დასწავლა. ისევ დავალებებს რომ დავუბრუნდეთ, საშინაო დავალება უმჯობესია, აზროვნებას მოითხოვდეს, რომ ბავშვმა თავისი შეხედულებისამებრ გააკეთოს დასკვნები და აზრები გამოხატოს დავალების შესრულებისას. ჩემთვის რუტინულ, ერთი და იმავე შინაარსის დავალებებზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ არსი გაიგოს ბავშვმა და ვფიქრობ, ეს უფრო განუვითარებთ მათ ანალიტიკურ აზროვნებას. ემოციურადაც უფრო დადებითად უდგება მოსწავლე ისეთ დავალებებს, რომელშიც გამოწვევას ხედავს, რომელიც მისთვის საინტერესო და სააზროვნოა.
- როგორია თქვენი შვილის აქტივობა და ინტერესი კომპლექსური დავალების მიმართ?
- ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც აქვს მსგავსი ტიპის სააზროვნო და სხვადასხვა კუთხით საინტერესო დავალება, სკოლიდან მოსვლისთანავე უჩნდება სურვილი, რომ ამ დავალების შესრულება დაიწყოს. მისთვის ეს პატარა გამოწვევაა, რომლის დაძლევის ინტერესი აქვს. კომპლექსური დავალების შესრულებისას, მისი შემეცნების და ინტერესის სიძლიერე იზრდება. თუმცა ამ ტიპის დავალებაში მშობელი მინიმალურად უნდა იყოს ჩართული და ეს დავალება არ უნდა იყოს მხოლოდ დავალებისთვის. ვფიქრობ, საგაკვეთილო პროცესში ბავშვმა თავისი ნამუშევარი უნდა განიხილოს, უნდა მიეცეს თავისი მუშაობის პროცესის და შედეგის წარმოჩენის საშუალება. სახლშიც, ასეთი დავალების შესრულებისას, ბავშვს უნდება ოჯახის წევრებს გააცნოს მიღებული ინფორმაცია და ის შედეგი, რასაც მიიღებს ამ დავალების შესრულების პროცესში. თუმცა ძალიან გული მწყდება, რომ კომპლექსურ დავალებასთან ერთად სხვა დავალებაც აქვს იმავე საგანში და მერე ხდება ერთის ან მეორის ზედაპირულად შესრულება. ამით ვერც ბავშვი იღებს სიამოვნებას და არც შედეგი დგება სასურველი.
- როგორ დავალებებს შეამცირებდით და როგორ დაამატებდით, რომ ბავშვი უკეთ განვითარებულიყო?
- ის, რაც რუტინული და ერთნაირია, რომელიც ბავშვს რუტინაში რთავს და დამღლელს და უინტერესოს ხდის მეცადინეობს პროცესს, უნდა იყოს მაქსიმალურად ნაკლები ან მთლიანად ამოღებული. ძირითადი აქცენტი, ვფიქრობ, უნდა გაკეთდეს კომპლექსურ დავალებაზე, რომელიც არა მარტო მოცემული საგნის ჭრილში ავითარებს ბავშვს, არამედ სხვადასხვა თემაზე აძლევს ინფორმაციას და უვითარებს მიღებული ცოდნის წარმოჩენის უნარს. შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული ინფორმაციაც შეგვიძლია ბავშვს მივაწოდოთ ასეთი სახალისო მეთოდებით. ვისურვებდი, რომ სასწავლო პროცესი მეექვსე კლასამდე მაინც იყოს მაქსიმალურად შემოქმედებითობაზე ორიენტირებული. ასევე ჩვენი სახელმძღვანელოების მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია ის ზღვა მასალა, რომლის მეცადინეობასაც ბავშვები მთელ დარჩენილ დღეს სკოლის დამთავრებიდან დაძინებამდე ანდომებენ. არ მგონია, რომ ეს რუტინა რეალურად დადებით შედეგს იძლევა. ვფიქრობ, ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებზე, ასეთი ბავშვები გარკვეული ასაკის შემდეგ ხდებიან გამოფიტულები. ამიტომ მგონია, რომ საშინაო დავალება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ანალიზის უნარზე, არსის გაგებაზე და ბავშვში შემოქმედებითობის განვითარებაზე.