Baby Bag

„დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების კანონპროექტს საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

„დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების კანონპროექტს საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედა ენას“ ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია დედა ენა“, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, სასწავლო პროცესში ჩართოს:

დედა ენა“ არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, ერთ-ერთი ელემენტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას. რაც გულისხმობს განსაკუთრებული ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიცოცხლისუნარიანობის, იდენტიფიკაციის, დოკუმენტირების, კვლევის, შენარჩუნების, დაცვის, პოპულარიზაციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც ,,დედაენის“, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში“, - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.