Baby Bag

განათლების სამინისტროს ინიციატივით პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები შეიქმნა

განათლების სამინისტროს ინიციატივით პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველ IV-VII კლასების მოსწავლეებს აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში შესაძლებლობას მისცემთ, მიიღონ სრულფასოვანი განათლება. სამინისტროს მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური დამოუკიდებლობა და სოციალური ინტეგრაცია.

სამინისტროს მხარდაჭერით აუდიო ფორმატში ინტეგრირდება IV-VII კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება.

სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით, გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანის შესყიდვას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს. შესაბამისად, ახლო მომავალში, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები უმნიშვნელოვანესი სასწავლო რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

განათლების ხარისხის ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მოსწავლეთა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ბავშვის რაც შეიძლება სრულად ჩაბმა სოციალურ ცხოვრებაში და მიღწეულ იქნეს მისი პიროვნების, მათ შორის კულტურული და სულიერი განვითარება.

სწორედ ამ მიზნით, უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს სამინისტრომ ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები უკვე გადასცა. აღნიშნული რესურსებით მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც ტექსტის სახით, ასევე, სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების ტაქტილური შეხებითაც. სულ მალე კი მოსწავლეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიაც ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში, მათ სასწავლო პროცესში ეფექტურ ჩართულობას შეუწყობს ხელს. სამომავლოდ კი, სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანა, ეტაპობრივად გაგრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ქულა უნდა დააგროვოს აპლიკანტმა, რომელიც არ არის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომ საგნის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ჩაეთვალოს

რამდენი ქულა უნდა დააგროვოს აპლიკანტმა, რომელიც არ არის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომ საგნის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ჩაეთვალოს

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე პრაქტიკოსი მასწავლებლები საგნობრივ და პროფესიულ ტესტირებაში მიღებული ქულების შესაბამისად აგროვებენ კრედიტქულებს. რაც შეეხება იმ აპლიკანტებს, რომლებიც არ არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, საგნის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ჩაეთვლებათ, თუ დააგროვებენ მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტს. (ვარსკვლავით (*) აღნიშნულ საგნებში მონაწილემ უნდა გადალახოს შიდა ზღვრებიც, რადგან ტესტი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება).

ქვემოთ მოცემულ ბმულზე არსებული ცხრილი ეხება მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც არ არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები.

იხილეთ ბმული - 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

იხილეთ ასევე ​პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით

წაიკითხეთ სრულად