Baby Bag

2021 წლიდან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღმზრდელი პედაგოგების საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ

2021 წლიდან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღმზრდელი პედაგოგების საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ

საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენს გუნდს კარგად აქვს გააზრებული ბავშვის აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა. ამ მიმართულებით შემუშავებულია და ინერგება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, რაც სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებს სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის ორგანიზებაში დაეხმარება. ამასთან, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის მიზნით.“

მინისტრობის კანდიდატმა აღმზრდელებისა და აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეიმუშავა საბავშვო ბაღების გახსნისა და ოპერირების დოკუმენტი, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვის კუთხით. ასევე, ვითარდება ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის მხარდამჭერი პროგრამები და მექანიზმები.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სკოლამდელი განათლების განვითარების მხარდაჭერის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობას. მისი თქმით, 2021 წლიდან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღმზრდელი პედაგოგების საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ. ამასთან, პროფესიაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა სკოლამდელი განათლების მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრაზეც ისაუბრა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს:

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად