„
პროფესიულად ვიქცევით და მართლები ვართ ჩვენ, როდესაც ბავშვებს ვასწავლით, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ღირსების, სამართლიანობის, პატიოსნების, სიმართლისა და ზნეობის მხარეს უნდა დადგნენ და იმას კი აღარ ვეუბნებით, რომ ხშირად ისინი იმარჯვებენ, რომლებიც პირადი სარგებლისთვის ყველაფერ ამას ორ შაურად ყიდიან და სამუდამოდ ივიწყებენ? არ უნდა ვასწავლოთ, რომ ასეთებისთვის ადამიანი მიზნების მიღწევის საშუალებაა და სხვა არავინ და არაფერი?
სკოლამ მხოლოდ ადამიანური ბუნების სინათლეზე უნდა ისაუბროს, თუ სიბნელეზეც? თუ ოდენ პირველს ავირჩევთ, ძალიან ხომ არ დავასუსტებთ ჩვენს მოსწავლეებს იმათ წინაშე, ვისაც მათ სამყარო და დრო უსათუოდ შეახვედრებს ნებისყოფის გამოსაცდელად თუ მწარედ დასამარცხებლად? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე მათ უიარაღოდ ვუშვებთ?
სჭირდება თუ არა შეგონებას "გიყვარდეს მოყვასი შენი" სიფრთხილე - იდეალისტები უნდა გავზარდოთ, თუ რეალისტები?
ყველა ამ კითხვას პასუხები სჭირდება და მათ გარეშე მასწავლებლობა შესაძლოა უკიდურესად სევდიან პროფესიად იქცეს - რასაც ვასწავლით, იმას ადამიანებისთვის ბედნიერების ძალმოსილება უნდა მოჰქონდეს და არა იმედგაცრუება.
ასწავლე, როგორი მშვენიერი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ არ დაგავიწყდეს აუხსნა, რას გვიამბობენ მასზე ისტორიის გაკვეთილებიც.
არ დაუმალო ეს - მან უნდა იცოდეს, რომ მზად იყოს“.