მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება, მაძიებელი მასწავლებლების და სისტემაში შესვლის მსურველების კი - ზაფხულში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გამოცდა გადაუვადდათ და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები.
რაც შეეხება მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებს, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გახსნილი სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.