მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
დაბალი კრედიტის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ყველაზე მარტივი გზა სტატუსის შესაცვლელად საშემოგდომო გამოცდით შედეგის გაუმჯობესებაა
„დაბალი კრედიტის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ყველაზე მარტივი გზა სტატუსის შესაცვლელად საშემოგდომო გამოცდაზე გასვლა და შედეგის გაუმჯობესებაა,“ - აღნიშნულის შესახებ „ახალ განათლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა განაცხადა.
„იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი პრაქტიკოსები გამოცდით ვერ შეძლებენ სტატუსის ცვლილებას, დეკემბრის დასაწყისამდე შეუძლიათ, გააგრძელონ კრედიტქულებისთვის განკუთვნილი აქტივობების განხორციელება. პრაქტიკოს მასწავლებლებს რეალური დრო კრედიტების დასაგროვებლად ორი თვე (ოქტომბერი და ნოემბერი) აქვთ, რადგან დეკემბერში უკვე შეფასების ჯგუფები იწყებენ მუშაობას. თუმცა, ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მრავალფეროვანი აქტივობებიდან და შესაძლებლობებიდან აირჩიონ ისეთი, რომლის განხორციელებასაც მოასწრებენ. მაგალითად, სოციალური პროექტები, ისტ-ის გამოყენებით სწავლება, და ა.შ. რაც შეეხება დამატებით შესაძლებლობას, ცენტრი მათ წლის განმავლობაში შესასრულებელ აქტივობას (მაგალითად, წრე, კლუბი) სემესტრში ჩაუთვლის. ამის გარდა, ჩვენ მათ მივეცით სემინარებში მონაწილეობისა და სამუშაო შეხვედრების უფლებაც, რაც, ასევე მოუტანთ კრედიტქულებს. რეალურად, განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ასე რომ, 2 და 3 კრედიტის მოპოვება მასწავლებელს, დეკემბრის დასაწყისამდე, თავისუფლად შეუძლია. დაბალი კრედიტის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ყველაზე მარტივი გზა სტატუსის შესაცვლელად საშემოგდომო გამოცდაზე გასვლა და შედეგის გაუმჯობესებაა,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
2020 წლის 1-ლი თებერვლიდან პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ, შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩნენ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ. (იხილეთუფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი.)