მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„ეს კლასიკა ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ოჯახმა და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვები უწიგნურები არ დარჩნენ,“ - მზექალა შანიძე
ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა, თუ როგორ უნდა შეაყვარონ ბავშვებს კითხვა:
„მე წიგნის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. პატარაობიდანვე რომ ვხედავდი წიგნებს კითხულობდნენ, გავხდი წიგნის მკითხველი. საბავშვო ბაღში კითხვა ვიცოდი და იქ ვუკითხავდი სხვებს წიგნებს. ჩუმადაც ვკითხულობდი ხოლმე. მიშლიდნენ, მეუბნებოდნენ, ამდენი კითხვით თვალებს გაიფუჭებო. საბანქვეშ მქონდა წიგნი დამალული, სანამ დედაჩემი არ გადამაძრობდა საბანს, მანამდე ვკითხულობდი.“
მზექალა შანიძის თქმით, კომპიუტერი და ციფრული ტექნოლოგიები წიგნს ვერ ჩაანაცვლებს:
„ამბობენ, რომ დღეს წიგნი აღარ არის საჭირო, იგი შეცვალა კომპიუტერმა. კომპიუტერი და ციფრული ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია. უამისოდ თანამედროვე საზოგადოება წარმოუდგენელია. კომპიუტერს თავისი დანიშნულება აქვს და წიგნს თავისი. არსებობს კიდევ ეს პრობლემა: რას ვაწვდით ჩვენ ბავშვებს? პირველ რიგში, ოჯახმა უნდა შეაყვაროს ბავშვებს წიგნების კითხვა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ სკოლაში მიდის ბავშვი და ის ისწავლის. ბავშვმა ბავშვობიდანვე, პატარა ასაკიდანვე უნდა შეიყვაროს ნაბეჭდი სიტყვა.“
„12-13 წლის ბავშვებს ვურჩევდი ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“ წაიკითხონ. ეს წიგნი კარგად ასახავს ბრბოს ფსიქოლოგიას. ბრბოს ფსიქოლოგია, რომელმაც კარგ ადამიანს ქვა ააღებინა ხელში და ასროლინა, ჩვენი დროისთვის ძალიან აქტუალური საკითხია. მე რომ წავიკითხე, მაშინვე გულზე მომხვდა ეს და ვიფიქრე, კარგია, რომ ჩვენმა ბავშვებმა ეს იცოდნენ-მეთქი. ის რაც აღიარებულია კლასიკად, ეს კლასიკა ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ოჯახმა და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვები უწიგნურები არ დარჩნენ,“ - აღნიშნულ საკითხზე მზექალა შანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.