მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
დღეს, 19 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII კლ.), ისტორიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების შედეგები.
შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და სგამოცდო ბარათზე მითითბული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.